მოგეხსენებათ, მირონის კურთხევა შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია. ეს წესი ძველი აღთქმიდან მომდინარეობს, ახალი აღთქმით კი ეს ტრადიცია იესო ქრისტემ დააწესა. მირონცხების წესს მოციქულები აღასრულებენ.
მირონცხების უფლება მხოლოდ ავტოკეფალურ ეკლესიებს ჰქონდათ, მზადება უნდა დაეწყოთ დიდი მარცხვის ბოლო კვირას, ვნების შვიდეულის ორშაბათს. ამ რიტუალს ეკლესიის საჭეთმპყრობელები აღასრულებენ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართულ ეკლესიას დიდი გარჯა დასჭირდა, რათა ანტიოქიის საპატრიარქოდან ავტოკეფალია მოეპოვებინა, ხოლო შემდგომ მირონის კურთხევის უფლება.
დღემდე კვლევის საგანია, ზუსტად როდის მიიღო ქართულმა ეკლესიამ მირონცხების უფლება. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, საქართველომ ეს უფლება მე-9 საუკუნეში მოიპოვა, ხოლო ძველი ქართული წყაროებით დგინდება, ,რომ მირონის კურთხევის ნება ქართულმა ეკლესიამ ქალკედონიის კრების შემდეგ, 451 წელს მიიღო. ეფრემ მცირეს თქმით, მირონის კურთხევის ნება ქართულმა ეკლესიამ მიიღო მე-5 საუკუნეში.
„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ქართულმა ეკლესიამ მირონის მოხარშვის უფლება 681 წელს მიიღო, მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების ბრძანებით.
ხალხური გადმოცემით, ძველად საქართველოში მირონი სვეტიცხოვლიდან, ცხოველმყოფელი ხიდიდან გადმოედინებოდა. ქართველები კი ყიდულობდნენ მირონს და მის შესამზადებლად საჭირო სურნელოვან ზეთებს.
სამი დღის განმავლობაში ღვთისმსახურები წმ. მირონს ამზადებდნენ ოცდაათზე მეტი სურნელოვანი ზეთისგან. რუსეთის ცარიზმის რეჟიმის დამყარების შემდეგ მირონი საქართველოში აღარ მოხარშულა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დიდი გარჯითა და ძალისხმევით, საქართველომ მირონის კურთხევის ნებართვა დაიბრუნა.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილი