ტყიბულის მუნიციპალიტეტში, კურსების ადმინისტრაციულ ერთეულში, ქუთაისიდან 9-10 კილომეტრში, მდებარეობს დედაღვთისის მონასტერი, წმინდა მარიამის სავანე, დედაღვთისის საბრძანებელი, რომელიც VIII-IX საუკუნით თარიღდება.
ის ოთხ მთას შორის მდებარე ეკლესიებს შორის ეპიცენტრია. მას ზევიდან დაჰყურებს გელათი, მამაღვთისა, მაცხოვრისა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიები.
მამა კონსტანტინე ცაგარეიშვილის ძალისხმევითა და მრევლის შემოწირულობით, მონასტერი 2012 წელს აღდგა. ეს ადგილი არის სულიერი და ხორციელი ტკივილების მკურნალი და უშვილოთა შემწე.
ყოველწლიურად დედაღვთისას მონასტერს ასეულობით მორწმუნე სტუმრობს. მორწმუნეთა დიდ ნაწილს სწორედ უშვილობის პრობლემა აწუხებს და შესაბამისად ღვინკითის დედაღვთისას შესთხოვს, რომ შვილი აჩუქოს ღმერთმა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ არაერთი მორწმუნეა ამ მონასტრითა და მასში მოქმედი სასულიერო პირებით მადლიერი.
საინტერესოა ერთი ლეგენდაც, რომელიც ამ მონასტერს უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, ერთხელ მდ. ჩოლაბური ისე ადიდებულა, რომ თამარ მეფე ღვანკითის მხარეს ვეღარ გასულა. სოფლის მცხოვრებლებს სასწრაფოდ აუგიათ ეკლესია და წყლის დაკლებამდე მეფისათვის ლოცვას შედგომიან, არგვეთის მხარეს კი, ეკლესიაში, თვითონ თამარ მეფე ლოცულობდა.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა