შეიძლება ითქვას, ბამბის ნაყინი განსაკუთრებულად საყვარელი და სასიხარული პროდუქტი ბავშვებისთვისაა. თუმცა, მის მიმართ გულგრილები არც უფროსები არიან. ფერადი, გემრიელი, ხალისიანი ტკბილეული საოცარ განწყობასა და ემოციებს ქმნის. “100% ბამბა. ბამბის ნაყინი/პოპკორნი” – ეს გახლავთ ბიზნესი, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაარსდა. თუმცა, იმ დროს მხოლოდ ბამბის ნუგბარს სთავაზობდნენ მომხმარებლებს.
გავიდა დრო და კომპანიამ საზოგადოებას ბატი-ბუტიც შესთავაზა. ორიგინალური ვიზუალის მქონე, ბიუჯეტური და საოცრად გემრიელი – პროდუქტებმა ადამიანების გული ძალიან მარტივად მოიგო.
დეტალებზე “თბილისი თაიმსს” კომპანიის დამფუძნებელი, ნატა ნათაძე ესაუბრა.
როგორი იყო თქვენი საქმიანობის პირველი ნაბიჯები?
წლების წინ, ჩვენ დავიწყეთ მომსახურეობით. ამაში რას ვგულისმხობ – საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ღონისძიებაზე განთავსებულია ჩვენი დახლები და დანადგარები. მაშინ ჩვენ მხოლოდ ბამბის ნაყინს ვთავაზობდით მომხმარებელს. ახლა დაგვემატა ბატი-ბუტი. შეგვიძლია, ამ ორი პროდუქტით ნებისმიერ ღონისძიებას მოვემსახუროთ – ლამაზი დახლებით, სრული აღჭურვილობით, თანამშრომლებითა და გემრიელი პროდუქციით მივიდეთ. მომსახურება ხდება საათობრივად. ფასს რაც შეეხება, წლების მანძილზე მაქსიმალურად ვეცადეთ, ის შეგვენარჩუნებინა. ამ ეტაპზე, ჩვენთან პირველი ერთი საათის საფასურია 200 ლარი, ყოველ მომდევნო საათზე კი 100 ლარი ემატება.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვიყენებთ აშშ-ში წარმოებულ დანადგარს, რომლის წარმადობა გაცილებით დიდია.
კოვიდპანდემიამ როგორი გავლენა მოახდინა თქვენს საქმიანობაზე?
ჩვენ ისედაც გვინდოდა, დაგვემატებინა ლოკაცია, სადაც მოვახდენდით პროდუქციის რეალიზაციას. პანდემიამ ამის საჭიროება კიდევ უფრო მეტად დაგვანახა. ფაქტობრივად, ამ პერიოდში სრულად გავჩერდით. ეს ძალიან რთული ეტაპი იყო. უკვე შემდგომ, როდესაც ნელ-ნელა შეზღუდვები შემსუბუქდა, 2020 წლის მაისის ბოლოს “საბურთალოს სითი მოლში” გავხსენით პატარა მაღაზია კვების ზონაში, სადაც მომხმარებელს შეუძლია, საცალოდ შეიძინოს ჩვენი პროდუქცია. ბამბის ნაყინები გვაქვს სხვადასხვა ასორტიმენტით. ვიყენებთ საკმაოდ მაღალი დონის კვების საღებავს, რომელიც საქართველოში არ იწარმოება და შემოგვაქვს. ის სპეციალურად ბამბის ნაყინისთვის არის შექმნილი. ადგილზე შესაძლებელია, უკვე მზა მდგომარეობაში, ბამბის ნაყინის შეძენა. ასევე, წასაღებად არის დაფასოებული. ამ ეტაპზე, გვაქვს ხუთი სხვადასხვა გემო – ესენია ლიმონი, ლურჯი მოცვი, მწვანე ვაშლი, ვარდისფერი ვანილი და ყურძენი.
თქვენ მიერ მომზადებულ რომელ პროდუქტს გამოარჩევთ?
ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვართ პირველები, ვინც ვამზადებთ ბამბის ნაყინის ტორტს. არის ძალიან ლამაზი, ორიგინალური საჩუქარი. ის ჩვეულებრივ იჭრება, არის ძალიან ბიუჯეტური. ამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
საახალწლო გეგმები თუ გაქვთ?
საახალწლოდ ვამზადებთ თოვლის ბაბუის ფორმის, ბამბის ნაყინებს. ჩვენ გვაქვს პატარა საწარმო – ძირითადად, ტორტებსაც აქ ვამზადებთ. თოვლის ბაბუებიც, მზა მდგომარეობაში, სწორედ ამ საწარმოში გვაქვს.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ