როგორც ვიცით, ზამთრის სეზონს სიცივე, ყინვა, უხვნალექიანი დღეები ახასიათებს. როგორც წესი, ამ დროს ყოველი მეორე დღე არაპროგნოზირებადია.
საინტერესოა, როგორია მიმდინარე სეზონი ნორმასთან მიმართებით და როგორ უნდა შევხვდეთ ზამთრის მორიგ დღეებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე “თბილისი თაიმსს” ესაუბრა.
“უახლოეს დღეებში, ჯერჯერობით, აღმოსავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში კი წვიმიანი ამინდებია – 26 მ/წმ ფიქსირდება ქუთაისში ქარის მაქსიმალური სიჩქარე. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, ჩვენ 17 რიცხვში ველოდებით წვიმას. მაღალ მთაში მოვა თოვლი და ზოგან შესაძლებელია, ცოტა ძლიერადაც მოთოვოს. არ არის გამორიცხული.
რაც შეეხება მთლიანად ზამთრის სეზონის პროგნოზს – გამოვიდა ერთით მაღალი, სეზონის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან მიმართებით. მაგრამ ამ ორთვე-ნახევარში ცალკეულ პერიოდებში შესაძლოა, იყოს სერიოზული შემოჭრები ძლიერი ქარებით, ძლიერი ნალექებით, ტემპერატურის ვარდნით, ღამის საათებში ყინვით. ეს შიგადაშიგ მაინც არის მოსალოდნელი.
ნალექები, ძირითადად, ნორმის ფარგლებში გამოვიდა. აქაც ცალკეულ დღეებში ზოგან შეიძლება, ძლიერად მოთოვოს, იწვიმოს. ალბათ, ყველაზე მთავარი, რაც მკითხველს აინტერესებს – ახალი წლის პროგნოზი, ჯერჯერობით, ხელმისაწვდომი არ არის”, – განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ