საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც აზარტული თამაშების რეგულირებას, გადასახადების გაზრდას, 1 მლნ მოქალაქისთვის თამაშის აკრძალვას და ამ სფეროს რეკლამირების აკრძალვას ეხება.
პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე ტელევიზიების ხელმძღვანელებმა საკანონმდებლო პაკეტზე კრიტიკული შენიშვნები დააფიქსირეს და განაცხადეს, რომ ეს მთლიანად სატელევიზიო ინდუსტრიის შემცირებას გამოიწვევს.
“ჩვენთან, პრაქტიკულად, ყველა გასართობ შოუს აფინანსებს ბეთინგკომპანიები. მე როგორ უნდა მოვასწრო ახალი სეზონისთვის, რომელიც, დაახლოებით, 1 თვეში იწყება, სპონსორის პოვნა და მასთან კონტრაქტის გაფორმება? ეს მხოლოდ შემოსავლის მოკლების შესაძლებლობა კი არაა, არამედ ახალი შემოსავლის მოძიების შესაძლებლობის მოსპობაც არის. 1-წლიანი გარდამავალი ზომა მაინც მიიღეთ და 1-ელ სექტემბერს შეიყვანეთ ძალაში. თქვენ ჩემი ბიუჯეტიდან, რომელიც დაახლოებით, 25 მილიონია, გაიყვანთ 4.5 მილიონ ლარს, ანუ 20%-ს,” – აცხადებს “მთავარი არხის” გენდირექტორი ნიკა გვარამია.
“ძალიან ცუდია, რომ ჩვენ მხოლოდ ახლა გავიგეთ ეს ყველაფერი. საზმაუს აქვს იმდენი შემოსავალი, რაც არის მთლიანად აღებული სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი, რომელიც შარშან და წელს პოლიტიკურ რეკლამას თუ გამოვაკლებთ და მხოლოდ კომერციულს შევხედავთ, იყო 60 მილიონი ლარის ფარგლებში. თქვენვე წერთ, რომ სარეკლამო ბაზრიდან გავა 27 მილიონი ლარი. აქედან მინიმუმ 20 მილიონი მაინც ტელევიზიებზე მოდის; როცა ინდუსტრიიდან ეს ნაკადი გავა, ეს ინდუსტრია მინიმუმ განხილვებში უნდა მონაწილეობდეს და ეს დაჩქარებულად არ უნდა განიხილებოდეს,” – აცხადებს ტელეკომპანია “კავკასიას” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი.
თავად საკანონმდებლო პაკეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სარეკლამო სექტორმა მიმდინარე წელს აზარტული თამაშებიდან უკვე 29.5 მლნ ლარის შემოსავალი დააგენერირა. შესაბამისად, ეს თანხები მათ შორის ტელევიზიებსაც მოაკლდება.
აზარტული თამაშების რეგულაციასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი გააკრიტიკა “tv პირველის” მფლობელმა ვატო წერეთელმაც, განსაკუთრებით კი, რეკლამის აკრძალვა. “ეს არის მედიის ჩაწიხვლა, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის და ამ რეგულაციით, ჩვენ დომინოს პრინციპით მივალთ არხების დახურვამდე”, – თქვა წერეთელმა.