კახეთში ახალი 4-ზოლიანი მაგისტრალი უნდა აშენდეს. მშენებლობის პირველი ნაწილი თბილისიდან საგარეჯოს მიმართულებით 35.2-კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი გზის მოწყობას ითვალისწინებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ამ გზის ძირითად – 31.5-კილომეტრიან მონაკვეთზე მთავრობამ კონტრაქტორ ფირმებთან ხელშეკრულებები გააფორმა.
საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ნოემბრის ბოლოს გამოვლინდნენ. პროექტს ჩინური China Road and Bridge Corporation-ი და თურქული Gocay Insaat Taahhut ve Ticaret-ისა და “მაქრო ქონსთრაქშენის” კონსორციუმი 463.3 მილიონ ლარად ააშენებს. აღნიშნული გზის მონაკვეთის სატენდერო ღირებულება 575 მილიონი ლარი იყო და ის კომპანიების კონკურენციის შედეგად, 112 მილიონი ლარით 463 მილიონამდე შემცირდა.
“ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა და მისი მშენებლობის შედეგად, მგზავრობის დრო კახეთის მიმართულებით განახევრდება. მნიშვნელოვანია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საინჟინრო და ფინანსური ანალიზის საფუძველზე, გზის მშენებლობა ლოტებად იმგვარად დაიყო, რომ მაღალი კონკურენციის უზრუნველყოფასთან ერთად, ადგილობრივ კომპანიებს მისცემოდათ ტენდერში დამოუკიდებლად მონაწილეობის საშუალება. შედეგად, სამიდან 1 ლოტს ქართული კომპანია ააშენებს,” – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.