დღესდღეობით ადამიანები მივისწრაფვით სიჯანსაღისკენ, ბუნებრიობისა და სილამაზისკენ. ამ დროს გვიზიდავს ყველაფერი, რაც შთამბეჭდავად გამოიყურება. PhiloSoaper ბრენდია, რომელიც ქმნის მინერალებს, კრისტალებსა და ნატურალურ ქვების ანალოგებს საპნისგან.
მისი დამფუძნებელია ნინო მგალობლიშვილი, რომელმაც, საკუთარი რძლის იდეებისა და ინტერესების მეშვეობით, ბრენდს წარმატება მოუპოვა. დეტალებზე “თბილისი თაიმსს” სწორედ ის ესაუბრა.
თავდაპირველად, ბრენდის შესახებ მოგვიყევით
PhiloSoaper ახალი, ქართული ბრენდია, რომელიც ეკოლოგიურად უსაფრთხო, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტს ქმნის. საპონი, რომელსაც ვთავაზობთ მომხმარებელს, ისრაელში წარმოებული, უმაღლესი ხარისხის, სერტიფიცირებული საპნის ფუძეზე მზადდება. იმისათვის, რომ საპნის სასარგებლო თვისებები გაიზარდოს, ემატება ნატურალური ეთერზეთები და ე.წ. საბაზო ზეთები, მათ შორის, გვირილის, ბრინჯის, შიის და ასე შემდეგ. ეთერზეთების და ზეთების არჩევა ხდება იმის მიხედვით, თუ რა მიზანს გვინდა, მივაღწიოთ საპნის გამოყენებით, თუმცა, მიზანი ერთია – სუფთა, გაწკრიალებული კანი, რომელიც არ შრება და არ იქერცლება.
საინტერესოა, საიდან გაჩნდა იდეა?
იდეა, ასეთი საიმედო ეკო პროდუქტი რომ დაგვემზადებინა, ეკუთვნის ჩემს რძალს, რომელიც “ჯანსაღი ცხოვრების წესის” მიმდევარია. უმეტესწილად, ცდილობს, ნატურალური, ეკოლოგიური და ჯანსაღი პროდუქცია გამოიყენოს როგორც რაციონში, ასევე, თავის მოვლის საშუალებებშიც. ასე გაჩნდა ჩვენს ოჯახში პირველად ეკო საპნები, შემდეგ შამპუნი, სკრაბები, ნიღბები, მაცერატები და ასე შემდეგ. ალბათ, 15 წელია, რაც ჩემს სახლში ინტენსიურად ვიყენებ ეთერზეთებს, მათი საშუალებით სწრაფად და ეფექტურად შეიძლება ჯანმრთელობის აღდგენა, თუნდაც, გაციების დროს, სახის კანის პრობლემებისთვის, თმის ცვენის წინააღმდეგ და ასე შემდეგ.
რა იყო პირველი ნაბიჯი ამ საქმიანობაში?
ერთ მშვენიერ დღეს იმძლავრა შემოქმედებითმა იმპულსმა და, ვითომ ჩვეულებრივი საპნების ნაცვლად, სრულიად ახალი, წარმოუდგენელად ლამაზი ნატურალური ქვების ანალოგები გაჩნდა ჩვენს ალქიმიურ სახელოსნოში. ეს იყო მცდელობა, ბუნებაში არსებული კრისტალები, მინერალები, ქვები შექმნილიყო ისეთი პროდუქტით, რომელიც შეიძლებოდა, ყოფილიყო ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და, ამავე დროს. ესთეტიკური ასე გაჩნდა საპნისგან ამეთვისტოს, კვარცის, ფლუორიტის, იასპის, აგატის, მთის ბროლის ანალოგები.
მხოლოდ საქართველოს ბაზარს მოიცავთ?
PhiloSoaper-ი წელს გავიდა საქართველოს ფარგლებს მიღმა, მაგრამ არა დეკორატიული, არამედ სამკურნალო ხაზის პროდუქტით. ჩვენი და პროფესიონალი დერმატოლოგის ტანდემის საფუძველზე შეიქმნა საპნის სერია, რომელმაც არაჩვეულებრივი შედეგები აჩვენა ვულგარული აკნეს, სხვადასხვა დერმატოლოგიური პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში. დაიტესტა აგრეთვე ფსორიაზის სამკურნალოდ შექმნილი, ნახევრად მყარი საპონი და ზეთები, გვაქვს ძალიან სასიხარულო შედეგები და მადლიერი პაციენტების გულწრფელი ემოციები.
ჩვენი პროდუქტი იქმნება იმისთვის, რომ ადამიანებს სასარგებლოობასთან ერთად ვაჩუქოთ აღტაცების, ესთეტიკური ტკბობის და მშვენიერების ჭვრეტის ემოცია ყოველდღიურ ყოფაში, თუნდაც, ისეთი რუტინის დროს, როგორიცა ხელის დაბანა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ იცვლის ფორმას და ნახატს ჩვენი საპონი წყალთან შეხების დროს. ეს თავისებური ჯადოქრობაა, სიკეთითა და სიყვარულით სავსე.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ