ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის ამოქმედებას ხელი პანდემიამ შეუშალა, თუმცა მთავრობა ახლა ამავე ადგილას ელექტრობატარეების წარმოების პროექტზე მუშაობს.
„ეს არის სწორედ ის პროექტი, რომელიც იწყებოდა დიდი იმედებით, მაგრამ მის შემდგომ მსვლელობაში პანდემიამ კრიტიკული როლი შეასრულა. მსოფლიოში ძვირად ღირებული ავტომობილების, ელექტრომობილების შეძენაზე მოთხოვნა შედარებით შემცირებულია. ის გეგმები, რაც მთავრობას გვქონდა, რომ საჯარო სექტორიც უნდა გადასულიყო ელექტრომობილებზე და ახალი შესყიდვები განეხორციელებინა და ადგილობრივი წარმოებისთვის მხარი დაეჭირა, გადაიდო გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ბიუჯეტი ახლა სხვა პრიორიტეტებითაა დატვირთული;
თუმცა ჩვენ ვმუშაობთ არა უშუალოდ ელექტრომობილების, არამედ მაგალითად, საქართველოში ელექტრობატარეების წარმოების შექმნის პროექტზე, რომელიც შინაარსით მიახლოებულია ამ პროექტთან. აქაც ენერგიის დაზოგვასა და მწვანე ენერგიაზე ორიენტირებული ტექნოლოგიაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ ამ ტერიტორიაზე მსგავსი ტექნოლოგიებით მომუშავე საწარმოების კლასტერი განვითარდეს. იმედი მაქვს, რომ როცა ეკონომიკური ვითარება გამოსწორდება, ეს ქარხანა ელექტრომობილების წარმოებით ამოქმედდება“, – განაცხადა თურნავამ პარლამენტში პლენარულ სესიაზე.