ძველი და ახალი აღთქმის ტაძრებში საკურთხეველი სასუფეველს გამოხატავს. სიტყვა „საკურთხეველი“ ლათინური სიტყვაა და ამაღლებულ ადგილს ნიშნავს. ძველად ბერძნულად საკურთხეველს „ბიმა“ ეწოდებოდა, რაც ნიშნავდა შემაღლებულ ადგილს, საიდანაც ორატორები სიტყვით მიმართავდნენ ხალხს.
ქრისტიანობის წიაღშივე საკურთხეველი ყოველთვის შემაღლებულ ადგილას ეწყობა, მას უდიდესი სულიერი მნიშვნელობა გააჩნია. ეს არის ადგილი, სადაც უფალი იესო ქრისტე გაორმაგებული , მრჩობლი მნიშვნელობით იმყოფება.
იგი განასახიერებს ზეცას და მდებარეობს აღმოსავლეთით, მასსა და სასუფეველს შორის გარკვეული სიმბოლური ურთიერთმიმართებაც არსებობს.
თავდაპირველად, საკურთხეველში შესვლა სასტიკად ეკრძალებოდათ საერო პირებს, როგორც მამაკაცებს, ასევე დედაკაცებს. გამონაკლისი იყო მხოლოდ დიაკონებისთვის. მოგვიანებით, დედათა მონასტრებში საკურთხევლის დასალაგებლად და კანდელების ასათებად სამონაზვნეებსაც მისცეს შესვლის უფლება. საკურთხეველში შესვლის უფლება მისცეს იპოდიაკვნებს, წიგნის მკითხველებს, მნათეებს და სხვებს..
საკურთხეველში არის ტრაპეზი, რომელზეც აღესრულება ჟამისწირვა. აქვე მდებარეობს სამკვეთლო, რომელზეც ზიარების საიდუმლოსთვის ღვინისა და პურის მომზადება ხდება. ამ მღვდელმოქმედებას პროსკომიდია, ანუ კვეთა ეწოდება.
ტრაპეზის მოპირდაპირე მხარეს მაღალი დასაჯდომელი დგას. საკურთხეველშია საეკლესიო ჭურჭლისა და საეკლესიო შესამოსლის საცავიც.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა