ღვინის მწარმოებელი კომპანია „ლოლაძის საოჯახო მეღვინეობა“ ქართულ ბაზარზე ძალიან საინტერესო პროექტით წარდგა. არცთუ ისე დიდი ხანია, რაც აღნიშნული კომპანია არსებობს. თუმცა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ის ფართოვდება და მომხმარებლებს სიახლეებს სთავაზობს.
მათ შორის, “შოკოლადის ქვევრი” ერთერთი საინტერესო პროექტია, რომლებსაც ძმები – ერეკლე და გიორგი ლოლაძეები ერთობლივად მართავენ. პანდემიის გამო, მას შეფერხება ჰქონდა. თუმცა, დღესდღეობით ის ფეხს მცხეთაშიც იკიდებს.
საკითხის შესახებ “თბილისი თაიმსს” ერეკლე ლოლაძე ესაუბრა.
“ჩვენს მეღვინეობას არცთუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს. 2012 წელს დავიწყეთ ეს ყველაფერი. საწყის პერიოდში, თბილისში გვქონდა მარანი ერთერთ ავტოფარეხში. ეს თავიდან დიდ მასშტაბებზე არ გვქონდა გათვლილი. თუმცა, საკმაოდ მალე, 2013 წლიდან უკვე სხვა სეგმენტი ავითვისეთ. ჩვენ ვვარაუდობდით, ჩამოსასხმელი ღვინის სარეალიზაციო მარანს რომ ეძახიან, ამით შემოვიფარგლებოდით. მაგრამ შემდეგ მოვხვდით ახალი ღვინის ფესტივალზე, სადაც ბევრი დაინტერესდა ჩვენი ღვინით. მერე იმ წლის მოსავლის ბოთლში ჩამოსხმა გადაწყდა. ნელ-ნელა ამ ფაქტმა დაგვანახა, რომ ამ ბიზნესისთვის სხვა სახე უნდა მიგვეცა.
2016 წელს შევიძინეთ გარკვეული ტერიტორია მცხეთის მუნიციპალიტეტში, მისაქციელში, სადაც ავაშენეთ მარანი. აქ ვაწყობთ ტურისტულ კომპლექსსაც, სადეგუსტაციო დარბაზს”, – ამბობს ერეკლე.
როგორც ის აღნიშნავს, უკვე 2019 წლის ბოლოს, მათ დაამატეს ახალი პროექტი – “შოკოლადის ქვევრი“.
“ქვევრის ტენდენციას ქართველობის იდენტობის ნაწილად აღიქვამენ. ჩვენ მეღვინეობასთან გვაქვს შეხება. ასევე, შოკოლადი მოთხოვნადი პროდუქტია. მივიჩნიეთ, რომ საინტერესო იქნებოდა, თუ მას ქვევრის ფორმას მივცემდით და პროექტიც გაამართლდებდა.
2019 წელს გავაკეთეთ საპილოტე ვერსია. შემდეგ უკვე დაემთხვა პანდემიას და გავჩერდით. დეკემბრის დასაწყისიდან კი განვაახლეთ წარმოება. იანვრის ბოლოსთვის ვგეგმავთ, რომ მისაქციელში, მარნის მიმდებარე ტერიტორიაზე გავხსნათ შოკოლადის პატარა სახელოსნო-საწარმო”, – ამბობს ერეკლე ლოლაძე “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ