2021 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (129 ლარით) გაიზარდა და 1 368.5 ლარი შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში – „დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი“ არის ნათქვამი, რომელიც მიმდინარე წლის III კვარტალის მონაცემებს მოიცავს.
აღსანიშნია, რომ ამ პერიოდში ქალების საშუალო ხელფასი 1 106.4 ლარით, ხოლო კაცების – 1 612.1 ლარით განისაზღვრა.
ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 128.2 ლარი (13.1%), ხოლო კაცებში – 139.6 ლარი (9.5%) შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში ქალების ხელფასს აღემატებოდა.
2021 წლის III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურ ხელფასი ბიზნესსექტორში 149.7 ლარით (11.5%) გაიზარდა და 1 455.5 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგის წარმომადგენლებს აქვთ, რაც 2 336.2 ლარია. ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 60.4%-ია და ასევე პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში დასაქმებულ პირებს აქვთ და ეს საშუალო თვიური ხელფასი 2 265.0 ლარია. ზრდა წინა წელთან შედარებით 3.5%-ია.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა