თითქმის ორი ათეული წელია, რაც მეწარმე ქალთა ფონდი არსებობს. ის 2003 წელს დაარსდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სამი ქალბატონის მიერ. თავდაპირველად, ფონდი იმისთვის დაფუძნდა, რომ დევნილი გოგონებისა და ქალებისთვის ხელი შეეწყო, დახმარებოდა უნარების ათვისებასა და საკუთარი თავის რეალიზებაში.
ფონდის მიზნებზე, ამოცანებსა და აქტივობებზე “თბილისი თაიმსს” თანადამფუძნებელი, მერი გელაშვილი ესაუბრა.
“მთავარი მიზანი წვრილი ბიზნესის ხელშეწყობა გახლდათ. მცირე ბიზნესის საშუალებაც კი არ იყო. აქედან დავიწყეთ მუშაობა, ვეხმარებოდით ქალებს და ვასწავლიდით მათ. რატომ ბიზნესი? იმიტომ, რომ ჩვენ თავად გახლდით ამ დარგის სპეციალისტები. ვმუშაობდით საბჭოთა ქარხანაში. მე გახლდით გენერალური დირექტორის მოადგილე ეკონომიკისა და ფინანსთა საკითხებში. შესაბამისად, კარგად ვიცოდით ეს მიმართულება.
როდესაც უკვე დავრწმუნდით ამის საჭიროებაში, ჩვენი პროექტები გახდა მიმართული ჩვენი ხალხის ინტეგრაციისკენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. მაშინ საკმარისი რაოდენობით იყო ღარიბი ადგილობრივი მოსახლეობა. უკვე შემდეგ, რადგან ჩვენ აფხაზეთიდან ვიყავით, მთავარი პრობლემა გახლდათ შერიგება, ურთიერთნდობის გაღვივება. დავიწყეთ, განსაკუთრებით, ახალგაზრდების ჩართვა სამშვიდობო პროცესებში. ძალიან დიდი აგრესია იყო საზოგადოებაში როგორც ჩვენგან, ისე – აფხაზეთში”, – აღნიშნავს რესპონდენტი.
როგორც მერი გელაშვილი განმარტავს, მოგვიანებით, მათი საქმიანობის არეალი გაფართოვდა.
“მოგვიანებით, ჩვენი არეალი გაფართოვდა. დავუახლოვდით ადგილობრივ კოლეჯს და ახალგაზრდებს ვაძლევდით მოტივაციას, შეეძინათ პროფესიები. ჩვენი დახმარებით, ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება. შემდეგ გაგვიჩნდნენ უცხოელი პარტნიორები და უკვე მამაკაცებთანაც დავიწყეთ მუშაობა. ისინი გახლდნენ მსჯავრდებულები და მათი ოჯახების წევრები.
დავიწყეთ მუშაობა საჯარო რეფორმის განხორციელებაში. უმთავრესად, ამ მიმართულებით ჩვენ რაჭა-ლეჩხუმში ვმუშაობთ. ასევე, ორი წლის განმავლობაში გვქონდა ქუთაისის მერიის პროექტი მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური მხარდაჭერისთვის. გვქონდა პროექტები კოვიდთან დაკავშირებით. მივიღეთ მონაწილეობა ორ პროექტში. გარდა ამისა, ცაგერში, წყალტუბოსა და ამბროლაურში გახლავთ სამედიცინო პუნქტები, რომელთაც შევუძინეთ საჭირო ტექნიკა”, – ამბობს ფონდის დამფუძნებელი “თბილისი თაიმსთან” საუბრისას და ხაზს უსვამს, რომ მათ მიზანს განათლების გავრცელება, ქალთა მოტივაციის გაღვივება და გენდერულ საკითხებზე მუშაობა წარმოადგენს.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ