მოსალოდნელია, რომ „ომიკრონი“ გავრცელდება საქართველოში. მიკვირს, რომ აქამდე არ გავრცელდა, ალბათ საზღვარზე კარგად იცავდნენ წესებს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„მსოფლიოს 65 ქვეყანაშია გავრცელებული და ბუნებრივია, აქაც გავრცელდება. რა თქმა უნდა, ეს დამატებითი გამოწვევაა, ბოლომდე არ ვიცით შტამის თავისებურებების შესახებ, მაგრამ მკაფიოდ მინდა, ვთქვა, რომ ეს არც ბოლო და უკანასკნელი გამოწვევაა და მას უნდა შევხვდეთ როგორც ერთ-ერთ რიგით გამოწვევას, პანიკის გარეშე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძის განმარტებით, მოსალოდნელია „ომიკრონის“ უფრო სწრაფად გავრცელება, ვიდრე ეს იყო დელტა შტამის შემთხვევაში. ცერცვაძის თქმით, შესაბამისად, მოსალოდნელია კლინიკურ სექტორზე დატვირთვის გაზრდაც.
„ჯერჯერობით არსებული ინფორმაციით, ეს შტამი არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და უფრო მეტ სიკვდილობას. შესაბამისად, ამ მიმართულებით პანიკის საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
რაც შეეხება იმას, ეფექტურია თუ არა არსებული ვაქცინები ახალი შტამის წინააღმდეგ, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, ცერცვაძის განცხადებით, ვარაუდია, რომ ვაქცინები ნაწილობრივ იცავს ადამიანს, განსაკუთრებით ბუსტერ დოზის გაკეთების შემდეგ.
„პრობლემაა, იცავს თუ არა ვაქცინები „ომიკრონისგან“. ვარაუდობენ, რომ ნაწილობრივ იცავს და განსაკუთრებით იცავს, თუ გაკეთებული გაქვს მესამე, ბუსტერ დოზა. ვისაც ორი დოზა აქვს გაკეთებული, ყველას მოვუწოდებ, გაიკეთოს მესამე ბუსტერიც. ვაქცინაცია, შესაძლოა ნაწილობრივ, მაგრამ მაინც იცავს. და მეორე, პირბადის გამოყენება მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს. პირბადეები ჩვენი გადარჩენის მთავარი საშუალებაა. ვაქცინებზე, „სინოფარმსა“ და „სინოვაკზე“ ჯერ არ ჩატარებულა კვლევა, რამდენად ეფექტურია „ომიკრონის“ შტამზე. მკურნალობის პროტოკოლში ჯერჯერობით ცვლილებები არ შესულა. არის მოლაპარაკებები და ხელშეკრულებები.
როგორც კი შესაძლებელი იქნება „ომიკრონის“ ტესტების შემოტანა, ქვეყანა ერთ-ერთი პირველი მიიღებს. ამაზე მეტ დეტალს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ფლობს. ყველა შტამი პრინციპულად დიდად არ განსხვავდება სიმპტომებით ერთმანეთისგან. განსხვავებაა ნიუანსებში, მაგალითად, „ომიკრონის“ შემთხვევაში ჭარბობს სურდო, თავის ტკივილი, ძლიერი სისუსტე. როგორც უცხოური წყაროები ამბობენ, ამ შტამს ნაკლებად ახასიათებს ყნოსვის ან გემოვნების დაკარგვა და ნაკლებად ახასიათებს ტკივილი მთელ სხეულში (სახსრების, კუნთების) და შედარებით ნაკლებია ცხელება და ზოგადი ინტოქსიკაცია, მაგრამ ეს ყველაფერი პირობითია. მხოლოდ კლინიკური სიმპტომებით ვერავინ გადაწყვეტს, დელტა შტამია, თუ „ომიკრონი“, ეს მხოლოდ ლაბორატორიულად დადგინდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცნობისთვის, ომიკრონით დაინფიცირების პირველი ორი შემთხვევა საქართველოში დღეს დაფიქსირდა.