განათლების გავრცელება, ქალთა მოტივაციის გაღვივება და გენდერულ საკითხებზე მუშაობა – ეს ის მოტივებია, რის გამოც 2003 წელს მეწარმე ქალთა ფონდი დაარსდა. მან ღირსეულად გაართვა თავი იმ მიზნებს, რომლებიც დაისახა და დღესაც აქტიურად უჭერს მხარს ადამიანების ჩართვას სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გადაჭრაში.
დაარსების დღიდან მოყოლებული, მან არაერთ ქალს მისცა საშუალება, ჰქონოდა საკუთარი შემოსავალი და ყოფილიყო ფინანსურად სტაბილურად.
ანჟელა ჩიხლაძე პროექტების ასისტენტია. ის ფონდის თანამშრომელი 2012 წლიდან არის. დეტალებზე “თბილისი თაიმსს” თავად ესაუბრა.
“გვაქვს არაერთი პროექტი და მე დავალებული მაქვს, თვალ-ყური ვადევნო მათ მიმდინარეობას – მოვახდინო ბენეფიციარების მობილიზება, დავალებებისა და ტრენინგების ორგანიზება, მრავალშვილიან ოჯახებთან კომუნიკაცია – მათი პრობლემების შესწავლა, სოციალურ სამსახურთან თანამშრომლობა. მოკლედ, მევალება საკითხები, რომლებსაც საორგანიზაციო მიმართულება აქვს.
მეწარმე ქალთა ფონდში მუშაობა 2012 წელს დავიწყე. აშშ-ის მიერ დაფინანსებულ ერთერთ პროექტში ვიყავი. დამირეკეს, მიმიწვიეს და ჩამაბარეს ერთერთი ყველაზე რთული მიმართულება – საშუალო ასაკის ქალების ხელშეწყობა. პროგრამას ასე ერქვა – “სოციალურად დაუცველ ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება”. მის ფარგლებში, ქალთა სკოლის ასისტენტი ვიყავი. ეს პროექტი მოიაზრებდა სოციალურად დაუცველი, დაუსაქმებელი ქალბატონების ხელშეწყობას და ვთავაზობდით მათ კომპიუტერის, საქმის წარმოებისა და ბუღალტრული აღრიცხვის კურსებს, რაც შრომით ბაზარზე ერთერთი აქტუალური იყო დასაქმებისთვის.
გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სოციალურ საკითხთა სამსახურის წარმომადგენლებთან. ჩვენი ბენეფიციარები, რომლებიც წლების წინ დასაქმდნენ, დღესაც მუშაობენ. შესაბამისად, ეკონომიკური თვალსაზრისითაც, მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ქალებმა მეტად იგრძნეს თავი ეკონომიკურად დაცულებად”, – ამბობს ანჟელა.
ის არაერთ პროექტთაგან მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებას უსვამს ხაზს, რომელიც ქუთაისის მერიის მიერ დაფინანსდა.
“შემდეგ იყო მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება. ეს პროექტი უშუალოდ ქუთაისის მერიის მიერ გახლდათ დაფინანსებული. მრავალშვილიან ოჯახებს მცირე ბიზნესის განვითარებაში ვეხმარებოდით – კონკრეტულად, შევუძინეთ ის ინვენტარი და ხელსაწყოები, რომლებიც მათ სჭირდებოდათ.
ასევე, ჩართულები ვიყავით ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში, სადაც საჯარო მმართველობის რეფორმას ვუწევდით მონიტორინგს. ამ მიმართულებით, სამუშაო არეალი ცაგერი და ამბროლაური იყო. აქ, ძირითადად, ვთანამშრომლობდით მუნიციპალიტეტებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, რომ დასაძლევი საკითხები ეტაპობრივად მოგვეგვარებინა”, – ამბობს ანჟელა ჩიხლაძე “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ