ჩვენ პირველ შთაბეჭდილებებს ყოველთვის ვიზუალით ვიღებთ. უკვე შემდეგ, ჩნდება ინტერესი ხარისხის მიმართ და თუ ორივე ერთმანეთის თანხვედრია, ვამბობთ, რომ პროდუქტი იდეალურია. “დიდარე” სწორედაც რომ ხარისხითა და შთამბეჭდავი ვიზუალით გამოირჩევა.
ის მომხმარებელს ქართული, ბიოლოგიურად სუფთა მეთოდით მოყვანილ პროდუქტს სთავაზობს. უმაღლესი ხარისხის მომსახურება გულგრილს არავის დატოვებს.
რუსუდან კვარაცხელია “დიდარე”-ს დამფუძნებელია. ის სპეციალობით ბიოტექნოლოგი, ამავე დროს ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი გახლავთ. დეტალებზე “თბილისი თაიმსს” რუსუდანი თავად ესაუბრა.
“დიდარე” არ არის მხოლოდ ბიზნესი. ეს გახლავთ, ზოგადად, მწვანე ბიზნესის პოპულარიზაცია. ამ დროისთვის, ბრენდი შესულია ორბელიანის ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს ქართულ, ბიოლოგიურად სუფთა მეთოდით მოყვანილ პროდუქტებს. „დიდარე“ აერთიანებს ბიომწარმოებლებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას ერთ დახლზე უყრის თავს. რატომ ვამბობთ, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული ყველა პროდუქტი არის ბიოლოგიურად სუფთა? ჩვენ გვაქვს ხარისხის გარანტი, რომელსაც ჰქვია – წარმოებულია ბიო აგრო ტექნოლოგიით. „დიდარე“ თანამშრომლობს კომპანიასთან „ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი“ , რომელიც პირველი საერთაშორისო დონის ბიო სერტიფიცირებული სასუქისა და პრეპარატების მწარმოებელია საქართველოში. კომპანიის სპეციალისტები სრულყოფილ კონსულტაციებს უწევენ ბიოფერმერებს. ასევე, ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს ლაბორატორიულ მომსახურებას, რაც ნიშნავს, რომ მცენარეთა დაავადებების მკურნალობა ხორციელდება ინდივიდუალური მიდგომით. კომპანია „დიდარე“ აერთიანებს სწორედ ამ პრინციპით მოყვანილ პროდუქტებს „– განმარტავს რუსუდანი.
როგორც ის უსვამს ხაზს, დახლი მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ ისეთ პროდუქციას, რაც იქნება ბიოლოგიურად სუფთა მეთოდით მოყვანილი, კომპანია „ბიოაგრო- მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის“ კონსულტირებითა და ზედამხედველობით.
რესპონდენტი განმარტავს, რომ მათი ძირითადი პროდუქტი მიკრო მწვანილებია.
“ჩვენი ძირითადი პროდუქტი არის მიკრო მწვანილები. ეს გახლავთ უშუალოდ ჩვენი ტექნოლოგია. საქართველოში პირველად მოვიყვანე და სარესტორნო ბიზნესს შევთავაზე მიკრომწვანილები 2014 წელს. სახელიც კი ჩემი ნათარგმნი გახლავთ. მაშინ მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის დედაქალაქში, პრესტიჟულ რესტორნებში გამოიყენებოდა ეს პროდუქტი.
ასევე, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ჩვენ მიერ მოყვანილ იასამნისფერ კარტოფილს. პროდუქტი სასარგებლოა დიეტური, დიაბეტური, ჯანსაღი კვების დროს. კარტოფილს სპეციფიკურ ფერს აძლევს ბუნებრივი ანტოციანი, რომელიც გვხვდება ასევე ლურჯ მოცვში, წითელ კომბოსტოში და სხვ. იასამნისფერი კარტოფილი მოგვყავს ახალციხეში, სადაც შესაბამისი კლიმატია”, – ამბობს რესპოდენტი.
„დიდარეს“ დახლზე პირველად საქართველოში, შემოთავაზებულია ქართული, ენდემური ხორბლის ხაზი: ქართული, ბიოლოგიურად სუფთა ხორბლის მარცვალი, გაღივებული ხორბალი, ხორბლის ფქვილი, მასზე და ბუნებრივ საფუარზე გამომცხვარი პური, ჯეჯილი, ჯეჯილის წვენი. „ეს არის ჩვენი ინოვაცია საქართველოში, პოპულარიზაციას ვუწევთ ხორბლის ქართულ, ენდემურ სახეობებს, ხორბლის გზას, საკოლექციო ნაკვეთებს ვაცნობთ მოსწავლეებს, სტუდენტებს, ვაცნობთ ხორბლის ღივებისა და ჯეჯილის წვენის სარგებლიანობას, ბუნებრივი საფუარის მნიშვნელობას და ვნერგავთ ჯანსაღი კვების უნარ-ჩვევებს ახალგაზრდებში“ – ამბობს რუსუდან კვარაცხელია “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ