ჩვენთვის ახალი წლის დღესასწაული გარკვეულ სიმბოლოებთან არის დაკავშირებული. მათ შორის, არის ისეთები, რომლებიც კონკრეტული ადამიანებისთვის პირადულია. თუმცა, არსებობს ისეთებიც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანასა და ადამიანებს აერთიანებს.
ფერადი, სასაცილო, ღიმილისმომგვრელი გნომები ახალი წლის განუყოფელი ნაწილია. ამ პერიოდში მათ თითქმის ყველა ოჯახში აქვთ საკუთარი ადგილი. სიანტერესოა, რა ვიცით მათ შესახებ?
გნომი მითიური პერსონაჟია. სამყაროსთვის ის ცნობილია, როგორც მიწისქვეშეთში მცხოვრები ჯუჯა კაცუნა. ისინი კეთილი, შრომისმოყვარე არსებები არიან, რომლებსაც ძალიან უყვართ ხელსაქმე და ხელმარჯვეებიც არიან. ამ ქონდრისკაცების მისიას მიწისქვეშა სიმდიდრის დაცვა წარმოადგენს.
დღესდღეობით, მათ შესახებ არაერთი ფილმი თუ ანიმაცია არსებობს, განსაკუთრებით, მათი ნახვა საშობაო დღეებშია ემოციური. “მარტოხელა გნომი”, “გნომეო და ჯულიეტა”, “შერლოკ გნომი”… თითოეულ მათგანში გნომები წლების, საუკუნეების წინანდელი არსებები არიან. გარდა ამისა, ჩვენ არაერთი მითის შესახებ შეიძლება, გავიგოთ, სადაც გნომები სწორედაც რომ უძველესი დროის წარმომადგენლები არიან. “გადმოცემის თანახმად”, “თქმულების თანახმად” – ეს ის შესავალი სიტყვებია, რომლებიც ჯადოსნურ სამყაროში გვეპატიჟებიან.
ჩვენს რეალობაში, მომდევნო წლის დასახვედრად გნომის ხელნაკეთი ანალოგი ერთერთი ყველაზე სასურველი პერსონაჟია. ჩვეულებრივ, მას ხელოვანები ძალიან გრძელ ფეხებს, დიდ წვერს უკეთებენ. ქუდი მათ ისე ახურავთ, რომ თვალები, ცხვირიც კი არ უჩანთ. მათი ადგილი საშობაო სუფრასთან ყოველთვის იქნება. ხომ ვთქვით, რომ ისინი კეთილშობილები არიან? სწორედ ამიტომ, ყველასთვის სასურველი სტუმრები გახლავთ…
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ