მსოფლიო მასშტაბით, ერთერთი უმთავრესი მიმართულება, რითაც საქართველოა ცნობილი, გახლავთ ღვინის უდიდესი და უძველესი ისტორია. შესაბამისად, ჩვენ დღემდე გვაინტერებს ყველაფერი, რაც ყურძენსა და ღვინოსთან არის დაკავშირებული
Emocia Wines გახლავთ ბიზნესი, რომლის ინტერესის სფეროს სწორედ ეს მიმართულება წარმოადგენს. აქ მზადდება უამრავი რამ, რაც ყურძენსა და ღვინოსთან ასოციარდება.
Emocia Wines-ის დამფუძნებელი, თამუნა აბულაძე “თბილისი თაიმსს” ესაუბრა.
რამდენი ხანია, რაც „ღვინის ემოცია“ არსებობს?
“ღვინის ემოცია” 2020 წლის იანვარში გაჩნდა. ბიზნესი, რომელიც ყველაზე მეტად უცხოელი ტურისტებისთვის უნდა ყოფილიყო საინტერესო, პანდემიის გაჩენის პერიოდს დაემთხვა, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ყველა მოლოდინს გადააჭარბა და, შეიძლება ითქვას, საკმაოდ თამამად და მტკიცედ დაიმკვიდრა თავი როგორც ადგილობრივ, ასევე, უცხოურ ბაზრებზე.
რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ქართულ ბაზარზე?
პირველი ნაბიჯები ჩვენი ცნობილი, ყურძნის ბროშებით დაიწყო, რომლებიც ნატურალური ქვებისგან მზადდება და ქართული ენდემური ჯიშის ბაზის ანალოგებს წარმოადგენს. თითოეული მათგანი ძალიან ჰგავს ნამდვილ ნიმუშს. წარმოდგენილი გვაქვს როგორც ცნობილი, ასევე, გადაშენების პირას მყოფი ჯიშები. თითოეულ ბროშს თავის პასპორტი მოყვება, სადაც ამ კონკრეტული ყურძნის ჯიშზეა საუბარი და ასევე საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე. აღნიშნული პასპორტები 8 ენაზეა ხელმისაწვდომი.
დეტალურად, რას ამზადებთ?
„ღვინის ემოციის“ ასორტიმენტში შედის ყველაფერი, რაც ღვინოსთანაა კავშირში. დაწყებული ქალისა და მამაკაცის სამკაულებიდან, სხვა და სხვა აქსესუარითა და სუვენირით დამთავრებული. საკმაოდ ფართო ასორტიმენტია, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანს მოაწონებს თავს. გვაქვს ყურძნის ბრში, საყურე, ყელსაბამი, სამაჯური, ჩვენი საავტორო დეგუსტაციის ჩანთა, რომელსაც ჩვენი ბრენდის ორი ბოკალი მოყვება და, ამავდროულად, წინა მხარეს აქვს ქართველი მხატვრის მიერ შესრულებული ნახატი. არის საკმაოდ მსუბუქი და კომფორტული. სახელურის მოხსნის შემდგომ კი ნახატის ფუნქციას იძენს და ძალიან უხდება ნებისმიერ ინტერიერს. შევქმენით აბრეშუმის შარფები, რომლებზეც მიკროსკოპში დანახული, გაყინული ღვინის წვეთია გამოსახული. ასევე, გვაქვს ჩვენი საავტორო სუვენირები – ბრინჯაოსა და მარმარილოს სადგამით, ნატურალური ქვებისგან შექმნილი, ყურძნის მტევნები თავის პასპორტებით. მომავალ წელს კიდევ რამდენიმე ახალი პროდუქტი შეიქმნება, რომელზეც უკვე ვმუშაობთ.
რა წარმოადგენს თქვენი ბიზნესის მთავარ მიზანს?
ჩემი ბიზნესის მთავარი მიზანია, მსოფლიოს გავაცნოთ საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო და დავამზადოთ ისეთი პროდუქცია, რომლებიც ძალიან გაახარებს ღვინის მოყვარულებს და არამხოლოდ. მთავარი ნიშა არის, უკვე პოპულარულ და მოთხოვნადთან ერთად, გამორჩეული და უნიკალური ასორტიმენტის შექმნა, რომელიც სხვაგან არ იქნება. ბრენდის სახელწოდებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ღვინო ყველაზე ძლიერი და სასიამოვნო ემოციაა, ამიტომ, ჩვენც ვცდილობთ, მაქსიმალურად დიდი ემოცია გადავცეთ ჩვენს გულშემატკივრებს.
უცხოელების ინტერესი როგორია თქვენი პროდუქციის მიმართ?
უცხოელების ინტერესი საკმაოდ მაღალია და ისინი ჩვენი ხშირი მყიდველები არიან. მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა ქართული და ღვინის თემატიკით შექმნილი ხელნაკეთი ნივთები. ამ ინტერესს ასევე ისიც აღრმავებს, რომ თითოეულ ნაკეთობას უცხოურ ენაზე მოყვება თავის ამბავი და დეტალური აღწერილობა. 2021-ში გადავდგით პირველი ნაბიჯები ექსპორტის მიმართულებით და ახლა ვმუშაობთ, რომ 2022 წლიდან ეს არეალი კიდევ უფრო გაფართოვდეს.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ