„ჩვენ პანდემიის ყველაზე უარეს ნაწილზე გადავდივართ“, – ამის შესახებ ბილ გეიტსმა „ტვიტერზე“ დაწერა და განაცხადა, რომ მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, საკუთარი შვებულების გეგმებს ცვლის. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იმის მტკიცებით, რომ კორონავირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ნებისმიერი ვირუსი ისტორიაში, მილიარდერმა და Microsoft-ის თანადამფუძნებელმა თქვა, რომ უცნობია, რამდენად საშიში და შემაშფოთებელია ახალი შტამი.
„ჩვენ სერიოზულად უნდა მივუდგეთ მას, სანამ დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დელტა შტამთან შედარებით, ომიკრონი ნახევრად მძიმეა, ფაქტია, რომ ინფიცირების მაჩვენებლების ყველაზე სწრაფი ზრდა გვაქვს, რაც აქამდე ყოფილა“, – განაცხადა ბილ გეიტსმა.
მისივე თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ პანდემიის ახალი ტალღა აშშ-ში სამ თვეს მაინც გაგრძელდება.
ცნობისთვის, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში საშუალოდ 148 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა აღირიცხება დღეში, რაც გასული კვირის მაჩვენებლებთან შედარებით, 23%-ით მეტია. ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის მონაცემებით კი, გუშინ საავადმყოფოებში სულ 69,700-ზე მეტი კოვიდპაციენტი აღირიცხა.