ქრისტიანული სამყაროს ნაწილი 25 დეკემბერს შობის დღესასწაულს ზეიმობს. წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულის აღნიშვნა 24 დეკემბერს ღამით, საშობაო წირვით იწყება. ასობით მორწმუნე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დღესასწაულის აღსანიშნავად ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძართან იკრიბება.
ქრისტეს შობა უმნიშვნელოვანეს ქრისტიანულ დღესასწაულს წარმოადგენს, ამიტომაც კათოლიკე მრევლი შობისთვის 4 კვირის განმავლობაში წინასწარ ემზადება. ამ პერიოდს კათოლიკეები ადვენტს უწოდებენ, რაც სასიხარული მოლოდინისთვის მზადებას გულისხმობს.
ადვენტის პერიოდში კათოლიკე ქრისტიანები მაცხოვრის დაბადებისთვის სულიერად ემზადებიან, რაც აღსარების საიდუმლოსა და მარხვას გულისხმობს. ადვენტის ჟამი კათოლიკეებს მოუწოდებს-„იფხიზლე“, ამიტომაც მორწმუნეთათვის წირვა ყოველდღე გამთენიისას, დილის 7 საათზე აღესრულება.
ყველაზე მაშტაბურად კათოლიკური შობა ბეთლემში აღენიშნება, იქ, სადაც გადმოცემის თანახმად, იშვა ქრისტე. წესის თანახმად, მორწმუნეთა წინაშე შობის სახელობის ეკლესიაში იერუსალიმის პატრიარქი წარსდგება ხოლმე.
გარდა ამისა, კათოლიკური შობა აღინიშნება ვატიკანშიც, წმ. პეტრეს ტაძარში, სადაც საშობაო მესას რომის პაპი უძღვება.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა