25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44 წელი შესრულდა.
მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია კათოლიკოს პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს, სიონის ტაძარში გამართულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს და ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შესრულდა. წელს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 104 წლის იუბილეც აღინიშნება, 4 იანვარს კი პატრიარქს 89 წელი უსრულდება.
ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია, რის შემდეგაც დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად; 1961 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა