აქვს თუ არა კოვიდვაქცინირებულ ადამიანს დონაციის პროგრამაში ჩართვის უფლება და რა უნდა იცოდეს მან – ეს საკითხი ერთერთია, რომელიც კოვიდრეალობამ ჩვენ წინაშე დააყენა. თემის ირგვლივ შეკითხვები არსებობს და აუცილებელია, ადამიანმა იცოდეს, რა შემთხვევაში აქვს ან არ აქვს სისხლის გაღების უფლება.
ხსენებული საკითხის შესახებ “თბილისი თაიმსს” მედიცინის დოქტორი, მაკა ბულეიშვილი ესაუბრა.
“ვაქცინაციის მეორე და მესამე დღეს ადამიანი დონაციის პროგრამაში არ უნდა ჩაერთოს. ეს ცხადია. თუ, ზოგადად, ვაქცინაციამდე პიროვნება არ არის მატარებელი რაიმე ქრონიკული დაავადების, ისეთი დაავადების – რომელიც დონაციის შემთხვევაში შესაძლოა, წარმოადგენდეს უკუჩვენებას, მას შეუძლია სისხლის გაღება. კონკრეტულად, ეს იმ შემთვევაში, თუ მას არანაირი პრობლემა არ აქვს, რაც სისხლნაკლებობას იწვევს – მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, ქრონიკული გასტრიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ზოგადად, გასტროენტეროლოგიური პრობლემები, ასეთ შემთხვევაში, ვაქცინაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ ადამიანს აქვს დონაციის უფლება. ვაქცინაცია არ ზღუდავს უფლებას, რომ მსურველი ჩაერთოს დონაციის პროგრამაში. დავკონკრეტდეთ – თუ მას არ აქვს მიდრეკილება ჰემოგლობინის დეფიციტისკენ”, – ამბობს ბულეიშვილი და ხაზს უსვამს, რომ, სისხლის გაღებამდე, პაციენტს ექიმები ყველა საჭირო შეკითხვას უსვამენ.
“აქვე გასათვალისწინებელია, რომ სისხლის გაღებას აქვს საკუთარი კრიტერიუმები. ამასთან დაკავშირებით ხდება ყველა პაციენტის გამოკითხვა დონაციამდე. ხშირ შემთხვევაში, ყოფილა ისეთი სიტუაცია, როდესაც პაციენტი მისულა დონაციის მიზნით, მაგრამ. მასთან დაკავშირებულით არსებული სამედიცინო ისტორიის გათვალისწინებით, უკან უარით გაბრუნებულა. ის ვერ აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რომლებიც აუცილებელია ხსენებულ პროგრამაში ჩართულობისთვის. თუმცა, ვაქცინაციასთან მიმართებით, დონაციის პროგრამას პრობლემა არ აქვს”, – ამბობს მაკა ბულეიშვილი “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ