პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა covid-ით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს ისეთი კლინიკებიც, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია.
ეკატერინე ტიკარაძე სამინისტროს ანალიტიკური ჯგუფის და საერთაშორისო ექსპერტების ანალიზის საფუძველზე აცხადებს, რომ ლეტალობის მიზეზი კლინიკების გარკვეული ნაწილის არაკეთილსინდისიერება და ჰოსპიტალური ინფექციის კონტროლის არარსებობაა.
„პაციენტები კვდებიან არა covid-ით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით. ჩვენი ანალიტიკური ჯგუფი კლინიკების დონეზე მუდმივ რეჟიმში უყურებს როგორც დაყოვნების მოცულობას პაციენტებისას, ასევე პაციენტების დღიურ დაყოვნებას და ლეტალობის მაჩვენებელს ასაკობრივ ჭრილში. ძალიან ბევრი ცვლადით ვახდენთ კლინიკების მონიტორინგს და ჩვენ თავადაც ვაკეთებთ გარკვეულ დასკვნებს, თუმცა დამეთანხმებით, ალტერნატიულ აზრს ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მოგვეცა საშუალება, საქართველოში ჩამოსულიყო ჯანმო-ს ექსპერტი შვეიცარიიდან, რომელმაც შეისწავლა ჩვენი კლინიკები. მან საკმაოდ საინტერესო დასკვნა დადო. რეალურად გაამართლა ჩვენი მოლოდინები იმ გამოწვევებზე, რომელიც კლინიკურ სექტორში გვაქვს და ამ მიმართულებით ასევე გაიცა რეკომენდაციები.
საქართველოში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულების გამოსწორებაზე კლინიკებთან მუშაობს, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არაა საკმარისი და ამ ხარვეზების გამოსწორებისთვის მნიშვნელოვანია, კვლავ ჩაგვერთო საერთაშორისო ექსპერტები და ისინი ნოემბერში ჩაერთნენ; ეს ჩართულობა იქნება უწყვეტი, რათა კლინიკებში ლეტალობის მაჩვენებელი არ ბადებდეს გარკვეულ კითხვებს, რადგან საკმაოდ კრიტიკულია განსხვავება. გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია. მიზეზი ინფექციის კონტროლის არარსებობაა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსს საქართველოს 13 512 მოქალაქე ემსხვრპლა.
ავტორი: მირანდა ტყემალაძე
წყარო : primetime.ge