თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს “ევოლუშენ ჯორჯიას” წინააღმდეგ პროფკავშირების სარჩელი დააკმაყოფილა და კომპანიას სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო, კორნელი ქაცარავას სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის სახით 110 796 ლარის ანაზღაურება დააკისრა. ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.
მათი განმარტებით, კორნელი ქაცარავა წლების განმავლობაში იყო დასაქმებული შპს “ევოლუშენ ჯორჯიაში” ბანქოს მჩეხავთა გუნდის ლიდერის პოზიციაზე. ამასთან, ის კომპანიის ხელმძღვანელობას აწვდიდა ინფორმაციას სამუშაო ადგილზე ანტისანიტარიის, ანტისანიტარიის გამო დასაქმებულებს შორის კანის დაავადებების გავრცელების, ჰაერის ვენტილაციის ხარვეზიანობისა და სამუშაო მოცულობის ზრდის მიუხედავად შრომის ანაზღაურების უცვლელად დატოვების მიმართ დასაქმებულთა უკმაყოფილების თაობაზე.
“ამ საკითხებზე ქაცარავას მონაწილეობით შეხვედრაც კი შედგა დასაქმებულებსა და ხელმძღვანელობას შორის, მაგრამ უშედეგოდ. სწორედ ხელმძღვანელობის გულგრილობამ გამოიწვია ის, რომ 2019 წლის 30 ივლისი – 4 აგვისტოს დღეებში კორნელი ქაცარავამ სხვა დასაქმებულებთან ერთად სამუშაოს დასრულების შემდეგ დაიწყო საპროტესტო აქცია. კომპანიამ ნაცვლად იმისა, რომ დაეწყო პრობლემების მოგვარების მიზნით აქციის მონაწილეებთან თანამშრომლობა, აქციის დაწყებიდან მალევე დაბლოკა სამუშაო ადგილზე დასაქმებულების შესვლის შესაძლებლობა. დამსაქმებელი, მიუხედავად ზაფხულის სიცხისა, აქციის მონაწილე დასაქმებულებს წყლის დასალევადაც კი აღარ უშვებდა შენობაში. ამგვარად, 30 ივლისის შემდეგ კორნელი ქაცარავას დამსაქმებლის ბრალით აღარ მისცემია სამუშაო ადგილზე გამოცხადების შესაძლებლობა. 2019 წლის 5 აგვისტოს კი დამსაქმებელმა დასაქმებულს გამოუცხადა საყვედური სამსახურში გამოუცხადებლობის გამო და იმავე დღესვე ამავე ქმედების გამო ქაცარავა გაათავისუფლა სამსახურიდან”, – განმარტავს პროფკავშურები.
მათი ცნობით, დამსაქმებელმა კორნელი ქაცარავას სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მიუთითა არა უკანონო გაფიცვაში მონაწილეობა, არამედ თითქოსდა სამსახურში გამოუცხადებლობა.
“სასამართლო დარწმუნდა, რომ ქაცარავასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას მისი დასჯა ედო საფუძვლად შრომის პირობებზე გამოთქმული პროტესტის გამო და არა ის, რაც ფორმალურად ჩაიწერა გათავისუფლების ბრძანებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.
“ევოლუშენ ჯორჯია” პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებას განცხადებითვე პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ვოლუშენი პატივს სცემს და მხარს უჭერს გუნდის თითოეული წევრის შეკრების თავისუფლებასა და კოლექტიური ქმედებების განხორციელების უფლებას იმ ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, სადაც დაფუძნებულია დასაქმებული. 2019 წლის ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში, რამდენიმე დღის განმავლობაში, ევოლუშენ საქართველოს 2000 ადამიანისგან შემდგარი გუნდის 200 თანამშრომელი ჩაერთო პროტესტში, რომელიც საქართველოს სასამართლოს მიერ 2021 წლის გაზაფხულზე დაკვალიფიცირდა როგორც უკანონო გაფიცვა, რადგან პროტესტი არ შეესაბამებოდა საქართველოს შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება და კეთილდღეობა არის ევოლუშენის პირველი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიზნით, ხშირად გვაქვს კონსტრუქციული დიალოგი თანამშრომლებთან მათი სამუშაო გარემოს შესახებ. შემთხვევა, რომელიც ამჟამად განიხილება ქართულ მედიაში წარმოადგენს კონკრეტული ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევას სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო და არ არის დაკავშირებული 2019 წლის უკანონო პროტესტთან ან კომპანიის სამუშაო პირობებთან. ევოლუშენ საქართველო განიხილავს სასამართლო გადაწყვეტილებას სამომავლო ქმედებების განსახორციელებლად, თუმცა არასდროს აკეთებს დეტალურ კომენტარს კონკრეტულ თანამშრომელთან დაკავშირებულ საკითხებზე, სწორედ ამ ადამიანის პატივისცემის მოტივით”.
წყარო : bm.ge