მესტიას ელექტრომომარაგება კვლავ არასტაბილურად მიეწოდება. როგორც ცნობილია, მიზეზი გაზრდილი ელექტრომოხმარებაა. თავის მხრივ, ეს გამოწვეულია იმით, რომ მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის, რის გამოც ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში კრიპტოვალუტის მაინინგი გაიზარდა.
“სრული კატასტროფაა, წყვდიადი, სიცივე”, – აცხადებს “Tv პირველთან” მესტიის მცხოვრები ანა ჩართოლანი, რომელიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობს. მოსახლეობის გარკვეულმა ჯგუფმა მესტიაში შესასვლელი ცენტრალური გზა გადაკეტა.
აქციის მონაწილეები “უკანონო მაინინგის” პრობლემის აღმოფხვრის მოთხოვნით გამოდიან და ამბობენ, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს.
„ჩვენთან რეგიონში სრული კატასტროფაა – წყვდიადი, სიცივე, მინუს 18 გრადუსი, გაიყინნენ ბავშვები, ავადმყოფები და მოხუცები, ბოლო 24 საათის განმავლობაში ელექტრომომარაგება არ აღმდგარა. ადგილობრივი ხელისუფლებისგან არანაირი მხარში დგომა არ გვაქვს.
თუკი ეს მაინინგს ეხება და ამის გადაწყვეტას ვერ ვპოულობთ, ადგილობრივები ვითხოვთ, გამოიყოს სპეცრაზმი, შემოვიდეს რეგიონში, დაიარონ მაინერების ფერმები და ამოიღონ, გათიშონ ისინი. მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნა “უკანონო მაინინგის” აღმოფხვრაა, რისთვისაც შესაბამისი უწყებებმა ქმედითი ნაბიჯები უნდა განახორციელონ, თუმცა დღემდე არანაირი რეაგირება არ არის.
ამასთან, ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რაც უშუქობამ გამოიწვია, ის არის, რომ სასტუმროებში წყლის სისტემები დასკდა და ამით ტურიზმი არამხოლოდ წელს, მომავალი წლების განმავლობაშიც ჩაკვდება. ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდების გამო, ძალიან ცუდი რეკლამა გავუკეთეთ და ტურიზმი ჩავკალით“ , – აცხადებს ანა ჩართოლანი.
„ელემენტარულ საყოფაცხოვრებო პირობებს ვითხოვთ, შუქი გვინდა… 21-ე საუკუნეა… სამ ადგილას ვმუშაობ და ვერაფერს ვახერხებ“, – აცხადებს მესტიის მცხოვრები.
„საშინელი სიტუაციაა. ყველაფრის ხალისი დაკარგული გვაქვს. ვერ ვთბებით. ტურისტები გვყავდა, მაგრამ ყველა გავუშვი… სულ არ მინდა ტურისტი, ოღონდ შუქი გვქონდეს და ახალ წელს ნორმალურად შევხვდე“, – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.