მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი მოსამართლემ დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მუხლს კვალიფიკაცია შეუცვალა.
მოსამართლის განმარტებით, დანაშაულის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, სასჯელი გაუქმდა და ბრალდებულებს პატიმრობა არ შეეფარდათ.
გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ხაზარაძე, ჯაფარიძე წერეთელს ასევე გაუუქმდათ შეფარდებული გირაო და საზღვრის კვეთის აკრძალვა.
TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებათ.
ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებაში ადანაშაულებს.
აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე სებ-მა TBC ბანკი 2008 წელს დააჯარიმა, რაც ბანკს სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული.
Discussion about this post