“წალდუნა” ბიზნესია, რომელიც ცოლ-ქმარს – მაია მეზვრიშვილსა და ოთო მუნჯიშვილის ეკუთვნის. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ნამუშევრები გემოვნებიანი, ორიგინალური და საინტერესოა. ბრენდი არაერთი სახის პროდუქტს აერთიანებს. სწორედ ამიტომ არის ის სხვებისგან გამორჩეული.
დეტალებზე “თბილისი თაიმსს” მაია მეზვრიშვილი ესაუბრა. რესპონდენტი განმარტავს, თუ რატომ არის მათი წარმოება განსხვავებული. უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქცია ეკომეგობრულია.
კონკრეტულად, რას ამზადებთ?
რის გამოც ჩვენი საქმიანობა ყველაზე მეტად მომწონს, არის, პირველ ყოვლისა, ის, რომ არ ვამზადებთ ერთი კონკრეტული სახეობის პროდუქციას. პირობითად, გვაქვს თმის სამაგრების ხაზი და დამთავრდა – ეს ასე არ არის. სეზონურად, ვამზადებთ ეზოს ავეჯს, უკვე ზამთარში – საახალწლო დეკორაციებს, ხის პატარა სახლებს და ა.შ. გაგვიკეთებია ხის ნიღბები, უცნაური კომპოზიციები.
იდეები ვის ეკუთვნის?
გვაქვს უამრავი იდეა, რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ. მომხმარებელი ინდივიდურად გვაძლევს შეკვეთებს და ვერგებით მის ნება-სურვილს. უმეტესად, ჩემი მეუღლე საკუთარი გემოვნებით ქმნის ნამუშევრებს – ის არის ხელოსანიც, ხელოვანიც და მხატვარიც. მე მას მენეჯმენტის მხრივ ვეხმარები. საკუთარი სურვილით რომ ამზადებს, ბევრად საინტერესო რაღაცებს ქმნის.
როდესაც ჩემს მეუღლეს აქვს თავისუფალი დრო, მას იყენებს ამ საქმისთვის.
თქვენს რომელ ნამუშევარს გამოარჩევთ?
ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ გვქონდა “დათა თუთაშხიას” ნიღაბი. ასევე, რამდენიმე ერთეული – “ქრაშის” ნიღაბი. ეს უკანასკნელი იყო მომხმარებლის შეკვეთა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მან ფოტო იდეის დონეზე ჩაგვიგდო და გვთხოვა, რომ, იქნებ, მიმსგავსებული ვარიანტი მაინც შეგვექმნა. იმდენად შთამბეჭდავი გამოვიდა, ჩვენც ძალიან მოგვეწონა და, ასე ვთქვათ, გვენანებოდა კიდევ სახლიდან მისი გაშვება. შემდეგ უკვე სხვებსაც გაუჩნდათ სურვილი.
აღსანიშნავია, რომ “წალდუნას” პროდუქცია იხატება ხელით, ის მზადდება ნარჩენებისგან, შესაბამისად, მწარმოებლები გარემოს არ აყენებენ ზიანს.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ