თბილისური სახლების ისტორია – ასე ჰქვია „ფეისბუქ“ გვერდს, რომელიც სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი. ის დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს თბილისის გამორჩეული სახლების, სადარბაზოების, ქუჩებისა და სხვა მონუმენტური შენობების ისტორიებს.
ელზა ბებია სერტიფიცირებული გიდია. ის გახლავათ საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის წევრი. ელზა „თბილისი თაიმსს“ თავად ესაუბრა.

„ჩემი საქმიანობა ითვალისწინებს შემდეგს – ადამიანებს დავეხმარო, უკეთ გაიცნონ დედაქალაქი.თბილისი არ არის ჩვეულებრივი ქალაქი – მას აქვს უდიდესი კულტურა, ისტორია. აღსანიშნავია, რომ მე -19 საუკუნის თბილისი ზუსტად იმეორებს ევროპულ გამოცდილებას.
რაც შეეხება სახლებს – ძალიან ბევრი სახლია, რომელთა შესახებაც არავინ იცის, სანახავიც ძალიან ბევრია. მე ვეძებ მათ არქივებში; ვუკავშირდები ისეთ ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროში მონაწილეობენ.

ასევე, ვიღებ ფოტოებს, იქნებ, ამ სახით მაინც შემორჩეს ეს შენობები. წიგნის დაწერის სურვილიც მაქვს. მაგრამ ჯერ ინფორმაციის შეგროვების პროცესში ვარ“, – ამბობს რესპონდენტი.
ელზა ბებია ხაზს უსვამს, რომ ის ბევრს მოგზაურობს, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ თბილისს მსოფლიოს მასშტაბით ანალოგი ან გააჩნია.
„ზოგადად, მე ვმოგზაურობ ძალიან ბევრს. ამდენად, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ქალაქი, რომელსაც არ აქვს ანალოგი, იმდენად მდიდარია არქიტექტურული თვალსაზრისით. ტურები, ძირითადად, სწორედაც რომ არქიტექტურულია. იმდენად მრავალფეროვანია შტრიხები და იმდენად მრავალფეროვანია თბილისი, შეიძლება, იმ უბნის მცხოვრებმაც არ იცოდეს მისი ფასი. ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა, რომ დავაფასოთ ეს ქალაქი იმაზე მეტად, ვიდრე ახლა ვაფასებთ.
მაგალითად, ტურებზე მოდიან ადამიანები, რომლებიც თეთრ სახლში, ვერსალში არიან ნამყოფები და საკუთარი ქალაქის შესახებ არაფერი იციან. ვისურვებდი, ეს კულტურა შეიცვალოს და დავიწყოთ ჩვენის დაფასება, გაზიარება“, – ამბობს ელზა ბებია „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ