მსოფლიოში არსებულ, კორონავირუსის სხვადასხვა შტამს შორის “დელტა” და “ომიკრონი” ყველაზე მეტად არის გავრცელებული. ასევე, ჩვენს ქვეყანაშიც ეს ორი დომინირებს. როგორ მიმდინარეობს თითოეული მათგანი და რით განვასხვავოთ ერთი მეორისგან – ამის შესახებ “თბილისი თაიმსს” პროფესორი, ექიმი–თერაპევტი, მაკა ბულეიშვილი ესაუბრა.
“განსხვავება არცთუ ისე მარტივია. ის გამოიხატება იმაში, რომ “ომიკრონი” უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ყურადღება არ ესაჭიროება. ყურადღება განსაკუთრებით იმ ადამიანებს ესაჭიროებათ, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ. ასევე, ვხედავთ, რამდენად მაღალია დაინფიცირება ბავშვთა პოპულაციაში. ძირითადად, “ომიკრონი” დაკავშირებულია ზედა სასუნთქი გზების სისტემის დაზიანებასთან. რასაც, ჯერჯერობით, სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რესპირატორული სისტემის ქვედა ნაწილზე მკვეთრი გაუარესება გამოხატული არ არის, მაგრამ არცთუ ისე დიდი პერიოდია, რაც “ომიკრონი” საქართველოშია. ამიტომ, რასაც ამ სამ კვირაში ვხედავთ, რეალურია.
თუმცა, მე პირადად მყავს რამდენიმე ისეთი პაციენტი, რომელსაც ნამდვილად აქვს დადასტურებული “ომიკრონი” და ეს მწვავე ბრონქიტით მიმდინარეობს – ეს, მოგეხსენებათ, ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესია. მწვავე ბრონქიტს ესაჭიროება ყურადღება, რადგან შესაძლებელია, ის გართულდეს ბრონქოსპაზმით, შედეგად – განვითარდეს ბრონქოპნევმონია”, – განმარტავს ბულეიშვილი.
როგორც პროფესორი აღნიშნავს, “დელტასგან” განსხვავებით, “ომიკრონს” ინკუბაციის შედარებით მოკლე პერიოდი აქვს.
“დელტასგან” განსხვავებით, “ომიკრონს” ინკუბაციის შედარებით მოკლე პერიოდი აქვს. მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად – გამოხატული სიმპტომები ერთმანეთს, პრაქტიკულად, ძალიან წააგავს. ორივე დასახელებული შტამის შემთხვევაში, ეს გახლავთ რესპირატორული სიმპტომები. თუმცა, როგორც ჩვენ უკვე ვნახეთ, “დელტა” შტამი მიმდინარეობდა პირველი ორი-სამი დღე შედარებით უფრო მსუბუქად. არცთუ ისე იშვიათი იყო შემთხვევა, როდესაც მერვე, მეცხრე, მეათე დღეს დაავადება რთულდებოდა. ასევე, ძალიან ვერაგული იყო მისი მოქმედება ფილტვის ქსოვილზე.
“ომიკრონთან დაკავშირებით”, რასაც ჯერჯერობით ვხედავთ, ხუთი, ექვსი ან შვიდი დღის შემდგომ სიმპტომები ზედა სასუნთქი გზების პათოლოგიებით შემოიფარგლება”, – ამბობს მაკა ბულეიშვილი “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.