ჩვენ არაერთ ადამიანს ვიცნობთ, რომელიც ხელოვნების კონკრეტული მიმართულებით ძალიან წარმატებულია. თუმცა, არც იმდენად ბევრია ხელოვანი, რომელსაც ბევრად მეტის ინტერესი აქვს ამ მხრივ. დღეს ირმა ფრანგიშვილის პერსონას წარმოგიდგენთ.
სხვადასხვა ასაკში ის ხელოვნების სფეროს არაერთი მიმართულებით დაინტერესდა. ატარებდა ექსპერიმენტებს, სწავლობდა, ეძებდა და ქმნიდა. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ყველაფერი დღემდე დიდი წარმატებით გამოსდის – მისი ნამუშევრები იდეალური და უნაკლოა. “თბილისი თაიმსს” ირმა ფრანგიშვილი ესაუბრა.
ირმა, რა წარმოადგენს თქვენი ინტერესის სფეროს ხელოვნების მხრივ?
ჩემი ინტერესი სფერო ხელოვნების მხრივ მრავალფეროვანია. მოსწავლეობის და სტუდენტობის პერიოდში მიყვარდა ხატვა, ძერწვა, ხელსაქმე. შემდეგ, გარკვეული პერიოდი, კოლაჟებს ვამზადებდი. ვიყენებდი სხვადასხვა ბუნებრივ მასალას, მარცვლეულს, ბურღულეულს და სხვა. ამის შემდეგ გარკვეული წლები თექაზე ვმუშაობდი. მე თვითონ ვამუშავებდი მატყლს, ვღებავდი, ვაშრობდი და ა.შ. მატყლისგან ვქმნიდი სამოსს, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვატარებდი. აგრეთვე, ვქმნიდი სხვადასხვა აქსესუარს და ფერწერულ ნახატებს. წლების მანძილზე აქტიურად ვკერავდი, ჩემი დიზაინით სამოსს.
სკოლაში, სადაც ვმუშაობ, კედლის პანოები დავამზადე, რომლებიც სკოლის ინტერიერს გარკვეული წლები ალამაზებდა.
ამის შემდეგ, რბილი თოჯინებით დავინტერესდი. მოსწავლეებთან ერთად შევქმენი თოჯინების თეატრისთვის რბილი, სათამაშო თოჯინები და დეკორაციები. შემდეგ კი თოჯინების გამოფენას ვეწვიე და ძალიან მომინდა ისეთი თოჯინების დამზადება, რომელიც გამოფენაზე ვნახე. აი, ასე შემოვიდა ჩემს ინტერესის სფეროში თოჯინები, რამაც ჩემი შემოქმედება უფრო საინტერესო და სასიამოვნო გახადა. შეიძლება ითქვას, თოჯინები ჩემი სულის ანარეკლია. მათ უამრავი პოზიტივი, სითბო და სიყვარული მოაქვს ხელოვნების მოყვარულთათვის და მეც მავსებენ უზომო ბედნიერებით.
მხატვრობაში რაიმე კონკრეტული მიმართულებით ხართ დაინტერესებული?
მხატვრობაში, შეიძლება ითქვას, სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა მიმართულება მიზიდავდა თავისი თემატიკით, იდეებით. გამოსახვის საშუალებებითა და ტექნიკით. იყო პერიოდი, რეალისტურ ნახატებს ვხატავდი. რამდენიმე ნახატი პუანტილიზმის ტექნიკით შევასრულე და ძალიან მომწონდა. ბოლო ნამუშევარი კი დეკუპაჟია.
თოჯინებს ქმნით – რა მასალით ამზადებთ მათ?
თოჯინების დასამზადებლად სხვადასხვა მასალაა საჭირო. თავის, ხელების და ფეხების დასამზადებლად პოლიმერულ თიხას ვიყენებ. ტანი სადენებისაგან იქმნება, იფუთება და შემდეგ იმოსება, რისთვისაც შეიძლება, დაგვჭირდეს სხვადასხვა სახის ქსოვილი, მაქმანები, ტყავი, თასმები და სხვა. თმები შეიძლება, იყოს ბუნებრივი ან ხელოვნური. თოჯინას აკრილის საღებავით ვხატავ.
სხვების გემოვნებით თუ ქმნით?
თოჯინას სხვისი გემოვნებით ვქმნი, როდესაც შეკვეთით ვამზადებ, პროტოტიპს. რა თქმა უნდა, აქ გარკვეულ ჩარჩოებში ვარ მოქცეული. დანარჩენ შემთხვევაში, ჩემი თემატიკით, ფანტაზიით, განწყობით და გემოვნებით ვამზადებ. ეს პროცესი სასიამოვნოა, როდესაც თავს შეზღუდულად არ ვგრძნობ და თავისუფალი ვარ.
რა არის ძირითადი სირთულეები თქვენს საქმიანობაში?
საერთოდ, თოჯინების დამზადება საკმაოდ შრომატევადია, ბევრი საქმის ცოდნას მოითხოვს. როდესაც პროტოტიპ თოჯინას ვამზადებ, ძალიან რთული და საპასუხისმგებლოა. დაძაბული ვარ, სანამ დამკვეთი ნახავს და მოიწონებს. მინდა გითხრათ, განშორებაც ძალიან მიჭირს. მაგრამ ვგრძნობ. როგორი სიყვარულით და რუდუნებით მოექცევიან, როგორ გააბედნიერებს იმ ადამიანს, ვისთვისაც არის განკუთვნილი. ამ დროს ყველა სირთულე მავიწყდება, მეც უზომოდ ბედნიერი ვარ და სიხარულით ვაცილებ თოჯინას მისთვის განკუთვნილ ოჯახში.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ