კოვიდპანდემია “გვაიძულებს”, ვიცხოვროთ ყოველდღიურ მოულოდნელობებში. მათ შორის, ეს ეხებათ ბავშვებს და, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებებს. არსებულ რეალობაში, მშობლებმა და ბავშვებმა არ იციან, მეორე დღეს გაკვეთილები სკოლაში ჩატარდება თუ – ონლაინ.
ეს ის ორი ალტერნატივაა, რომელიც ჩვენ წინაშეა. თუმცა, არსებობს სკოლები და კონკრეტული კლასები, სადაც ბავშვების ნაწილი ონლაინ სწავლობს, ნაწილი კი გაკვეთილებს საკლასო ოთახში ესწრება.
“თბილისი თაიმსს” ის მშობლები ესაუბრნენ, რომელთა შვილებიც იმ კლასებში სწავლობენ, სადაც განათლების მიღების შერეული მეთოდია.
ქრისტინე ლომიძე
მაქვს მიზეზები, რის გამოც მირჩევნია, ჩემმა შვილმა განათლება ონლაინ მიიღოს. ასეთი ფაქტია – ის ერთადერთია კლასში, რომელიც სწავლების ამ მეთოდს იყენებს. იმის გამო, რომ სახლში მყავს ძალიან პატარა შვილი, მაქვს შიში, რომ უფროსმა ვირუსი სკოლიდან სახლში არ მოიტანოს. დისკომფორტს რაც შეეხება, ეს, რა თქმა უნდა, არის, თუმცა, ამ ეტაპზე სხვა გზა არ გვაქვს. თვითონ ბავშვსაც არ აქვს დიდი სურვილი, რომ კლასში იაროს. მესმის, ეს ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ ამ არეულ რეალობაში ეს ასეა.
განათლების ხარისხს რაც შეეხება – მე მაქსიმალურად ვცდილობ, ხელი შევუწყო, რომ მან მიიღოს ის ცოდნა, რასაც მისი თანაკლასელები კლასში ჩატარებული გაკვეთილებიდან იღებენ.
სოფო ჩანჩიბაძე
ბევრი ფიქრისა და მსჯელობის შედეგად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ბავშვმა იაროს სკოლაში და ასე მიიღოს განათლება. ამის მიზეზი არაერთია – პირველი, რომ არ არის შესაძლებლობა, ის იყოს სახლში და ჩვენ ვადევნოთ თვალ-ყური, როგორ ესწრება ის ონლაინგაკვეთილს და არის თუ არა ეს მეთოდი ეფექტური. მეორე და, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი – კოვიდმა ბავშვების ფსიქოლოგიაზე ძალიან იმოქმედა – სრულიად მოულოდნელად, ისინი ჩაიკეტნენ, მოწყდნენ რეალობას და სხვა სამყაროში ამოყვეს თავი. თუკი ისინი გაკვეთილებს საკლასო ოთახში დაესწრებიან, ვფიქრობ, აინაზღაურებენ იმ დანაკლისს, რაც მათ პანდემიის გამო მიიღეს.
არის კიდევ ერთი მიზეზი – ალბათ, ყველა დავრწმუნდით, რომ ვირუსს ვერსად დავემალებით, ვფიქრობ, როგორი მოწესრიგებულებიც უნდა ვიყოთ ამ მხრივ, ნებისმიერ შემთხვევაში, დაინფიცირების ალბათობა თანაბარია. ამიტომ, ჯობს ბავშვებმა იარონ სკოლებში, ერთმანეთთან იურთიერთონ და შეივსონ გარკვეული დანაკლისი.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ