არსებულ რეალობაში, მსოფლიოს ყურადღება უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ ვითარებაზეა მიპყრობილი. ლიდერები მხარეებს მოუწოდებენ, კონფლიქტი მშვიდობიანი მოლაპარაკებებით მოაგვარონ და საომარი მოქმედებები თავიდან იქნეს აცილებული.
საკითხს “თბილისი თაიმსთან” საუბრისას უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, მამუკა არეშიძე აფასებს.
“რუსეთ-უკრაინას შორის მდგომარეობა ერთობ დაძაბულია, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ უფრო მეტად რჩება შთაბეჭდილება, თითქოს, მხარეები სიტუაციას უფრო ამძიმებენ, ვიდრე რეალურად არიან გამკეთებლები. მე ასე ვფიქრობ, რომ საომარი მოქმედებები არის ფიქცია. თუმცა, არ გამოვრიცხავ იმას, რომ გარკვეული სასაზღვრო შეტაკებები მოხდეს. თუმცა, ფართომასშტაბიანი ომი მაინც მგონია, რომ არ იქნება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიმშვიდე და კარგი მდგომარეობაა”, – აღნიშნავს არეშიძე და ხაზს უსვამს, რომ, ესკალაციის შემთხვევაში, სიტუაცია საქართველოზეც იმოქმედებს.
“ზოგადად, ვფიქრობ, რომ ესკალაციის ფაქტორი არსებობს, რომელიც გარკვეულწილად, საქართველოზეც იმოქმედებს. თუ ესკალაცია გაგრძელდა და მხარეებმა ვერ მოილაპარაკეს (არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკება მაინც შედგეს), ამ შემთხვევაში, საქართველო, როგორც დასავლეთის მოკავშირე, შესაძლოა, სულ იქნეს შევიწროების რეჟიმში. ყველა შემთხვევაში, დიპლომატიური ესკალაცია იქნება თუ სამხედრო ესკალაცია, საქართველოს ეს რაიმე ფორმით შეეხება.
მე ვფიქრობ, საკმარისია ის დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა საქართველოს პარლამენტის მიერ. არ ღირდა მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად გამწვავება. ზოგისთვის ეს შეიძლება, უკმაყოფილების საგანი იყოს”, – აღნიშნავს მამუკა არეშიძე და ხაზს უსვამს, რომ, მისი აზრით, მხარეები მოილაპარაკებენ. თუმცა, თუ ვერ მოილაპარაკეს, მაშინ საქართველოსთვის ნამდვილად მძიმე დღეები დადგება, საკმაოდ არასასიამოვნო.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ