ენმ-ს დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიის გადაწყვეტილებით, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია წყვეტს ბოიკოტს და ერთვება საპარლამენტო საქმიანობაში.
ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“ჩვენი ფრაქცია საგაზაფხულო სესიის მუშაობაში ჩაერთვება. ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს, მაგრამ აქვე მინდა ხაზი გავუსვა და ავხსნა მიზეზები, თუ რატომ მიიღო ჩვენმა ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება.
ჩვენი პარტია და ზოგადად, ქვეყანა უმძიმესი გამოწვევის წინაშეა. საქმე ეხება იმას, რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპყრობილეში, რეჟიმის მიერაა დატყვევებული.
ჩვენ მიგვაჩნია და საერთაშორისო საზოგადოება ამაზე ჩამოყალიბებულია, რომ მისი საპყრობილეში ყოფნა რეჟიმის და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიებაა. ამიტომ ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი იქნება რეჟიმის საჯარო მხილება, როგორ ეპყრობა მას რეპრესიული ინსტიტუტების გამოყენებით რეჟიმი. სწორედ ამისთვის ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირებას”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.