ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ომიკრონის“ მიმდინარეობიდან გამომდინარე გამოიკვეთა, რომ ბუსტერი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამის შესახებ მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გეგმაში ასევე გათვალისწინებულია დღეს შემუშავებაში მყოფი ვაქცინების ბაზარზე გამოჩენის შესაძლებლობა. მათ ექნებათ განსხვავებული მახასიათებლები, ეს ვაქცინები იქნება ადაპტირებული ახალი შტამების მიმართ. გეგმამ ესეც უნდა გაითვალისწინოს შესყიდვის პროცესში“, – ამბობს თამარ გაბუნია.
მან ასევე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზეც ისაუბრა.
„დღეის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევები 190 000-ს აჭარბებს. კლინიკებში არის დაახლოებით მათი 3,6%. 3000-მდე საწოლი ამ დროისთვის თავისუფალია. ქვეყანაში 2000-ზე მეტი ოჯახის ექიმია, მათ შორის სადაზღვევო ქსელში და პირველადი ჯანდაცვის ქსელში. დღეს პროგრამაში უკვე ჩართულია საერთო ქსელის დაახლოებით 60%, ამას დაემატება კიდევ 15-20%“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.