„თელმიკოსა“ და „თელასს“ სემეკის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეამოწმებს, რადგან მარეგულირებელ ორგანოს საჩივრით უკვე ასობით მოქალაქემ მიმართა. საქმე ეხება ელექტროენერგიის გადასახადს, რომელიც მომხმარებელთა თქმით, დეკემბერსა და იანვარში საგრძნობლად გაიზარდა.
ხვალ ენერგეტიკისა და წყალმომარგების მარეგულირებელი კომისიის სხდომა შედგება, სადაც კომპანიების შემოწმების საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავენ. მომავალი კვირიდან კი სპეციალური ჯგუფი უკვე შემოწმებას შეუდგება.
კომისიის წევრთა თქმით, თუ გაირკვევა, რომ პრობლემებს სისტემური და მასშტაბური სახე აქვს, შესაძლებელია ამ კომპანიებში დროებითი მმართველი დაინიშნოს, ან ისინი ხელახლა დაჯარიმდნენ.
„დაჩქარებული წესით განვიხილავთ საკითხს, რომელიც ეხება კომპანიებში „თელასსა“ და „თელმიკოში“ სამუშაო ჯგუფის შესვლის. საზოგადოებრივი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მათ შორის იმ კითხვებიდან, რომლებიც ჩვენ თავად გაგვიჩნდა. ერთადერთი სწორი გზა იქნება, შევიდეთ კომპანიებში, ადგილზე გამოვითხოვოთ და ამოვიღოთ ყველა ინფორმაცია, რაც იქნება საჭირო, დოკუმენტაცია და უკვე ამ გზით დავადგინოთ სიმართლე, რა ხდება, რა ხარვეზებია და არის თუ არა პრობლემები, რაზეც მოქალაქეები მიუთითებენ“, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა კომპანიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.