ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ დღეს ონის რაიონში მანგამუნის მოპოვების ლიცენზიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათ პრემიერ-მინისტრის დავალებით შეისწავლეს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში კომპანიების შპს “ტექნოლოჯი 2021”-ისა და შპს “მნ ნორთი” -ს საქმიანობა, რის შედეგადაც შპს “ტექნოლოჯი 2021”-ის მიერ ლიცენზიის დარღვევა გამოავლინეს. სააგენტოს თანახმად, კომპანიამ დარღვევების გამო, საქმიანობა შეაჩერა.
“გამოვლენილ დარღვევებზე, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ონის მაგისტრატ სასამართლოში გადაიგზავნა. კანონმდებლობით გათვალისწინებულია ლიცენზიანტისთვის გონივრული ვადის მიცემა სალიცენზიო პირობების დასაცავად და ჯარიმის დაკისრება. სასამართლო სხდომა ჯერ არ ჩატარებულა.
ამასთან, წიაღით შესაძლო უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით, 2021 წლის 22 ნოემბერს საქმის მასალები, კომპეტენციის ფარგლებში, შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით გაიგზავნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. დღეის მდგომარეობით, შპს „ტექნოლოგი 2021“ – ისთვის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა შეჩერებულია.
გარდა ამისა, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში ლიცენზია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე აღარ გაიცემა,”- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.