Meta-ს პლატფორმები, Facebook-ი და Instagram-ი შესაძლოა მთელ ევროპაში დაიხუროს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია Meta ავრცელებს.
ევროპული კანონებით, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვას, მომხმარებლების მონაცემები ევროკავშირის იურისდიქციაში უნდა ინახებოდეს. შესაბამისად, Meta-ს არ აქვს უფლება, რომ გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშაოს ევროპელების მონაცემები აშშ-ში დაფუძნებულ სერვერებზე.
იმის გამო, რომ Meta-მ ვერ მიაღწია მონაცემთა გაზიარების ახალ შეთანხმებას, მისი პლატფორმების ევროპაში მუშაობა საფრთხის ქვეშაა.
Meta იმედოვნებს, რომ ის მიმდინარე წელს ახალ შეთანხმების მიღწევას შეძლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მთელი ევროპის მასშტაბით სერვისების გათიშვა მოუწევს.
კომპანია აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის მომხმარებლის მონაცემების დამუშავების შესაძლებლობა გადამწყვეტია მისი ბიზნესისთვის, როგორც ოპერაციული, ასევე სარეკლამო მიზნებისთვის.
“ჩვენ, სავარაუდოდ, ვერ შევთავაზებთ ჩვენს უამრავ მნიშვნელოვან პროდუქტს და სერვისს, მათ შორის Facebook-სა და Instagram-ს”,- აცხადებენ კომპანიაში.
ანალიტიკოსებით პროგნოზით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ Meta-მ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბაზარი დატოვოს. თუმცა წამოჭრილი საკითხი კიდევ ხაზს უსვამს სოციალური მედიის კომპანიასა და კანონმდებლებს შორის მომხმარებლის მონაცემების შესახებ არსებულ მზარდ დაძაბულობას.
იურიდიული ფირმის Cooley-ის პარტნიორისა და კიბერ და მონაცემთა განყოფილების ხელმძღვანელის, პატრიკ ვან ეკეს თქმით, მონაცემთა დაცვის ორგანოები სულ უფრო ხშირად ამოწმებენ მომხმარებლების მონაცემების მიმოცვლის უსაფრთხოებას.
“არ მიკვირს, რომ არაევროპული კომპანიები განიხილავენ, აქვს თუ არა აზრი ევროპულ ბაზარზე მომსახურების შეთავაზების გაგრძელებას, რადგან სხვა გზა აღარ დარჩა”,- ამბობს ვან ეკე.