“ელიეს” – ასე ჰქვია მაღაზიას, რომელიც ზეთისხილის მოყვარულთათვის ნამდვილად ჯადოსნური სამყაროა. ის პირველი მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს ზეთისხილის ძალიან დიდ არჩევანს სთავაზობს.
მას დაარსების საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს, რომელსაც საფუძვლად საბერძნეთში გატარებული ძალიან ბევრი წელი უდევს. ამის შესახებ “თბილისი თაიმსს” სალომე მიქავა ესაუბრა.
“აქ რომ ჩამოვედი, მაქსიმალურად ვეცადე, გავრკვეულვიყავი, საქართველოში რამდენად პოპულარულია ზეთისხილი, მათ შორის, გავიგე რომ არსებობს ქართული ზეთისხილის “რთველი”. მინდა, ყველაფერ ქართულს წარმატება ვუსურვო, ეს ძალიან მახარებს. რაც შეეხება მიზანს, საბერძნეთის უგემრიელესი მაღალი ხარისხის პროდუქტი მინდა, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ქართველი ხალხისთვის”
საიდან გაჩნდა იდეა, რომ ზეთისხილის მაღაზია გაგეხსნათ?
ნახევრად საბერძნეთში გავიზარდე და არდადეგებზე თავად ვმუშაობდი ხოლმე ამფისის ბაღებში ფერმაში დამხმარედ. როცა სკოლა დავამთავრე და გარკვეული პერიოდის მერე საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე, ვფიქრობდი, რით უნდა შემენარჩუნებინა კავშირი საბერძნეთთან და გადავწყვიტე, რაც ყველაზე ძალიან მიყვარდა და მესმოდა, ის წამომეღო ჩემს ქვეყანაში
რამდენად დიდი ინტერესი გამოიწვია ამან?
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ერთი თვეა, რაც გავიხსენით, დაინტერესება მოსალოდნელზე მეტი წამოვიდა, რაც ძალიან გვახარებს
თქვენი პროდუქცია მრავალფეროვანია – რას სთავაზობთ მომხმარებელს?
გვაქვს ზეთისხილის მრავალფეროვანი არჩევანი, ზეთისხილის 9 სახეობა, ასევე, “ექსტრა ვირჯინ” ზეითუნის ზეთი და ახლო მომავალში იგეგმება კიდევ რამდენიმე სახეობის დამატება.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ