გსმენიათ “შოკოლადის ფეხსაცმელების” შესახებ? დიახ, სწორედ ამ დიზაინის ტკბილეულს გვთავაზობენ საქართველოში, არცთუ ისე დიდი ხანია, ისტორია ახალ წლამდე სულ ცოტა ხნით ადრე დაიწყო. ნათია მაისურაძე, რომელიც პატარა ბავშვის მშობელია, დათანხმდა გამოწვევას და იმ საქმეს მიჰყო ხელი, რომელთანაც შეხება არსდროს ჰქონია.
ამბავს ნათია “თბილისი თაიმსს” თავად უამბობს.
“ეს ყველაფერი ძალიან შემთხვევით დაიწყო. ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა ფორმები ლონდონიდან. ბავშვებს ვუმზადებდი, შემდეგ მეგობრებთან ერთად მივირთვი. მათგან მსგავსი ფორმის შოკოლადებს საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ერთერთ მეგობარს გაუჩნდა იდეა, რომ “ფეისბუქ” გვერდი გამეკეთებინა და გამეყიდა. მე პატარა ბავშვი მყავს და რადგან ვეღარ ვმუშაობ და სახლში ვარ, დავინტერესდი ამ იდეით. თან, ვიყიდე ბელგიური და იტალიური შოკოლადი, რომ ბავშვებსაც და ჩვენს კარგი შოკოლადი გვეჭამა.
ვფიქრობდი, რის გაკეთება შეიძლებოდა სახლიდან, რომ თან ბავშვთანაც ვყოფილიყავი და თან შემოსავალიც მქონოდა. ყველაფერი არსებობს, უკვე ყველამ ყველაფერი გამოიგონა და არ ვიცოდი, მე რა უნდა მომეფიქრებინა ახალი. “, – ამბობს ნათია და ხაზს უსვამს, რომ აქამდე მსგავს საქმიანობასთან შეხება არასდროს ჰქონია.
“აქამდე, მე ამ სფეროსთან შეხება არასდროს მქონია. “ფეისბუქ” გვერდის გაკეთების შემდგომ, ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა და ბევრი შეტყობინება მივიღეთ. ახალ წელს განსაკუთრებულად კარგი მუშაობა გვქონდა. ამ დროს ჩვენ სულ რაღაც ერთი თვის დაწყებული გვქონდა ეს ყველაფერი”.
ნათია გვიყვება, როგორ მიმდინარეობს შოკოლადის მზადების პროცესი და აღნიშნავს, რომ მსგავსი დიზაინის შოკოლადებს, ძირითადად, ევროპაში შევხვდებით.
“იტალიურ შოკოლადს ვადნობ და მისგან ვამზადებ, ვაძლევ ფორმებს. ის მთლიანად შოკოლადია, უბრალოდ, გარკვეული ნაწილი არის შოკოლადში ამოვლებული თხილი, შოკოლადში ამოვლებული ვაფლი… მე თვითონაც არ ველოდი, იმდენად ლამაზები გამოვიდა. ძირითადად, მსგავს ფორმებს ევროპაში შევხვდებით.
შოკოლადები მთელი საქართველოსთვის არის ხელმისაწვდომი. თუმცა, თვითონ პროდუქტის გაგზავნა ძალიან სახიფათოა, რადგან მჭიდრო შეფუთვა სჭირდება, რომ არ დაზიანდეს, არ გატყდეს”, – ამბობს ნათია მაისურაძე და გვიყვება, რომ უცხო ქვეყნიდან შეძენილმა შოკოლადმა ერთი ადამიანი განსაკუთრებულად გაახარა.
“ფეისბუქზე” გავაკეთე რეკლამა და ერთმა ბიჭმა პრაღიდან დამირეკა, რომელმაც ჩვენი შოკოლადები სიურპრიზისთვის გამოიყენა, საკმაოდ ორიგინალური იდეით. მან გვითხრა, რომ საქართველოში მსგავსი შოკოლადები არ უნახავს. თუმცა იქ, პრაღაში არაერთხელ შეუმჩნევია”.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ