კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, თიკა ქოქოშვილი 2022 წლის მაისიდან 10-კვირიანი სასწავლო-სამუშაო პროგრამით უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კორპორაციას “Meta”-ს შეუერთდება.
ამის შესახებ ინფორმაციას სკოლა კომაროვი ავრცელებს.
კორპორაცია “Meta” მოიცავს ყველასთვის კარგად ნაცნობ სოციალურ ქსელებსა და პლატფორმებს: Facebook, Instagram, WhatsApp.
თიკა ქოქოშვილი სკოლის დასრულების შემდეგ სწავლას კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით University of Pennsylvania-ში აგრძელებს.
პენსილვანიის უნივერსიტეტი, Ivy League-ის წევრი უნივერსიტეტია; Ivy League-ში ამერიკის რვა ყველაზე პრესტიჟული და რჩეული უნივერსიტეტი შედის. პენსილვანიის უნივერსიტეტი ბენჯამინ ფრანკლინმა დააარსა და მეოთხე უძველესი უნივერსიტეტია ამერიკაში.
“Meta”-ს Facebook University პროგრამაში მოხვედრა თიკასთვის საკმაოდ კონკურენტული, თუმცა საინტერესო გამოწვევა იყო.
ყველაფერი რეზიუმეს გაგზავნით დაიწყო, რომელსაც ტექნიკური დავალებების ეტაპზე გადასვლა მოჰყვა. ტექნიკური დავალებების წარმატებით შესრულების შემდეგ, თიკას ინტერვიუ დაუნიშნეს. გასაუბრების შემდეგ კი დადებითი პასუხი მიიღო.
თიკამ ინტერვიუებისთვის მზადება ზაფხულში დაიწყო, რამაც შედეგი ნამდვილად გამოიღო და სექტემბერში ორი შეთავაზება მიიღო სასწავლო-სამუშაო პროგრამებზე კომპანიებში “Meta” და “Intuit”. თიკამ არჩევანი “Meta” Facebook University პროგრამაზე გააკეთა და მათ გუნდს Software Engineer-ის პოზიციაზე შეუერთდა. თიკას საშუალება ექნება გაეცნოს “Meta”-ს სამუშაო გარემოს, გაიუმჯობესოს უნარები და გაიღრმავოს ცოდნა თავის სფეროში.
კომაროვში სწავლის პერიოდი თიკასთვის საინტერესო მიღწევებით იყო სავსე. 2019 წელს იყო პირველი ქართველი მონაწილე ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო საზაფხულო სკოლასა (ISSYP, კანადა) და მეცნიერების საზაფხულო სკოლა “S3++”-ში ხორვატიაში. 2018 წელს, ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადაზე (EGMO, იტალია) საქართველოს ნაკრების ოთხეულის ერთ-ერთი წევრი იყო. ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირში (IYNT), რომელიც ჩინეთში ჩატარდა, თიკამ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ხოლო 2018 წელს მონაწილეობა მიიღო საერთაშოშირო საზაფხულო სკოლაში “ქალები მეცნიერებაში (WiSci)”.
თიკა ტექნიკური საგნებით დაინტერესებულ მოსწავლეებს პირველ რიგში ურჩევდა ისწავლონ თავიანთ თავზე მუშაობა. შეეცადონ, რეალისტურად განსაზღვრონ,კარიერის და ცოდნის მხრივ რა ეტაპზე არიან და ეცადონ დაგემონ შემდეგი ნაბიჯები. მისი აზრით მიზნების მისაღწევად გარდა ბევრი შრომისა, მნიშვნელოვანია კომპეტენტური ადამიანებისგან გამოცდილების გაზიარება, რათა მეტი და სიღრმისეული ინფორმაცია მივიღოთ ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე. ასევე, თიკა მიიჩნევს, რომ ზაფხულის დასვენება საუკეთესო დროა სწავლისა და მუშაობისთვის. მისი წარმატებაც სწორედ ზაფხულის არდადეგებზე ინტერვიუების მზადებისას დაიწყო,”-აღნიშნულაი ინფორმაციაში.