როგორც ყველასთვის კარგად ცნობილია, ჩვენი პატარა ქვეყანა ძალიან მრავალფეროვანია. ამას, მათ შორის, ისიც ადასტურებს, რომ გვაქვს პროდუქტები, სახამებლები და კერძები, რომლებიც ერთი კონკრეტული რეგიონისთვის არის დამახასიათებელი. ე.წ. სვანურ მარილს საქართველოში ბევრი ამზადებს, თუმცა, საკმარისია, სვანურ ტრადიციებსა და ცოდნაზე მომზადებული მარილი გავსინჯოთ და მის ანალოგიებთან სხვაობას მაშინვე შევნიშნავთ. რას იტყვით, თუკი თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება სვანური მარილი, რომელსაც ჯადოსნურად საიდუმლო ინგრედიენტი აქცევს?
“მაიტა . maita” – სოციალურ ქსელში სწორედ ასე არის ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომელიც ცოლ-ქმარმა – ქეთევან ხმალაძემ და ირაკლი კვიციანმა შემოგვთავაზეს. დეტალებზე “თბილისი თაიმსს” ქეთევანი თავად ესაუბრა.
“ჩემი მეუღლე წარმოშობით სვანია. მისი მშობლები, სრულად ოჯახი ამზადებს სვანურ მარილს. ოღონდ ამას არასდროს ჰქონია ბიზნესის სახე. როდესაც ჩვენ შევუღლდით და ეს მარილი დავაგემოვნე, მას მერე სულ მაინტერესებდა, როგორ ამზადებდნენ მას – იყო ძალიან არომატული. აქვთ დამზადების საკუთარი ტექნიკა. ერთერთი ინგრედიენტი არის საიდუმლო – ის არის საგვარეულო ინგრედიენტი, რაც უფრო მეტად გემრიელს ხდის მარილს.
მოხდა ისე, რომ კოვიდპანდემიის დროს მე და ჩემს მეუღლეს მოგვიწია სვანეთში გადასვლა. იქ დაგვებადა აზრი, გვესწავლა მარილის მომზადება და გავმხდარიყავით სტარტაპერები. მეუღლეს სულ ჰქონდა სურვილი, ეს მარილი დიდ მასშტაბებზე გაგვეტანა”, – ამბობს ქეთევანი.
როგორც ის სვანური მარილის მომზადების ტექნიკაზე საუბრისას განმარტავს, მოხალული სუნელი მარილს უფრო მეტად არომატულს ხდის.
“თითოეული სუნელი, რასაც ვიყენებთ, იქნება ეს ქინძი, უცხო სუნელი, ნიორი თუ სხვა, იხლება იმისთვის, რომ იყოს მეტად არომატული. ასევე, ნიორს ვატარებთ წიწაკასთან ერთად. შემდეგ უკვე, ამ ყველაფერს ვაზავებთ და ვუმატებთ საიდუმლო ინგრედიენტს. ამის მერე იმდენად არომატული ხდება მარილი… ძალიან ბევრი ვიცი, ვინც ნიორს არ უმატებს და არის მშრალი. სვანური მარილის არსიც ის არის, რომ იყოს სველი. ჩვენ არ ვაშრობთ და არც ნიორს ვაკლებთ. ის ყველაფერს უხდება. მისი გამოყენება შესაძლებელია მრავალმხრივად”.
როგორც ქეთევანი “თბილისი თაიმსთან” საუბრისას აღნიშნავს, მისი ოჯახის სურვილია, რომ მათ მიერ მომზადებული სვანური მარილი უფრო მეტი ადამიანისთვის იყოს საინტერესო. ის იმ წინაღობაზე საუბრობს, რომელიც მაშინ შეხვდა, როდესაც ქსელურ მაღაზიებს საკუთარი პროდუქტი შესთავაზა.
“ჩვენი დიდი სურვილი და ნატვრაა, რომ ჩვენი მარილი ქსელურ მაღაზიებში გავავრცელოთ, თუმცა, გვქონდა ერთი წინაღობა, როდესაც ის ჩასაბარებლად მივიტანეთ. ჩვენ არცერთ სუნელს არ ვაკლებთ და ისინი სვანეთიდან მოგვაქვს, ამის გამო, თვითღირებულებაც მეტი აქვს. ბევრმა მარკეტმა, თვითღირებულების საფასურის გამო, გვითხრა უარი ან სუნელის მოკლება შემოგვთავაზა, რასაც ვერ გავაკეთებდით. ამის გამო, ამ ეტაპზე, ჩვენ ვყიდით ონლაინ.
გარდა ამისა, დაინტერესდნენ ამერიკიდან კერძო პირები, გავგზავნეთ ევროპის ქვეყნებში. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ კიდევ შეიძინონ. ჩვენი ერთგული მომხმარებელი უკვე გვყავს, მაგრამ გვაქვს სურვილი, უფრო გავფართოვდეთ და მეტი დაინტერესდეს ჩვენი მარილით, ქვეყნიდან გატანა დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული და ძალიან გაგვიხარდება, თუ ჩვენი საქმიანობით დაინტერესდებიან და ხელს შეგვიწყობენ”, – ამბობს ქეთევან ხმალაძე.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ