არსებობს უამრავი ფაქტორი, რომელიც გარემოს დაბინძურებას განაპირობებს, რაც თავისთავად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. გარემო და ჯანმრთელობა – ეს არის მოცემულობა, რომელიც უამრავი მიმართულების ერთობლიობას წარმოადგებს. ჩვენს ქვეყანაში არსებულ, საერთო სურათს “თბილისი თაიმსთან” საუბრისას გარემოსდამცველი, კახა ბახტაძე აფასებს.
“გარემო და ჯანმრთელობა მრავალმხრივი თემაა, რაზეც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ძალიან აქტიურად მუშაობს და ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, ეს გახლავთ ჰაერის, ნიადაგის, წყლის დაბინძურება, ზუსტად ამის კვლევა და შემდეგ უკვე ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. დაბინძურების არაერთი წყარო არსებობს. მაგალითად, სოფლის მეურნეობა, ქიმიური სასუქების გამოყენება ისე, რომ დასაშვები ზღვარი არ იქნას გადაჭარბებული. რა თქმა უნდა, შემდეგ ეს ყველაფერი საკვებში ხვდება და უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ასევეა ავტომობილის გამონაბოლქვის შემთხვევაში, გარდა ამისა, მეწარმეების მიერ ჰაერის დაბინძურებაც პრობლემური საკითხია”, – განმარტავს ბახტაძე.
გარემოსდამცელი ცოტახნის წინ მომხდარ ფაქტს იხსენებს, როდესაც 50 ცხვარი სავარაუდოდ დაბინძურებული წყლის დალევის შედეგად დაიხოცა.
“სულ ცოტა ხნის გავრცელდა მასალა, რომ რუსთავში ერთ ადამიანს 50 ცხვარი დაეხოცა. მათ წყალი იქედან დალიეს, სადაც რუსთავის აზოტი წყალს უშვებს. აიღეს სინჯები და ახლა მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რა მოხდა ზუსტად, რატომ იყო წყალი დაბინძურებული. რა თქმა უნდა, ამ ცხვრების დახოცვა ადამიანის ჯანმრთელობაზეც იმოქმედებს, რადგან შესაძლოა, ის ბაზარში მოხვდეს და ადამიანმა მიირთვას”.
კახა ბახტაძის თქმით, დასავლეთ საქართველოში გავრცელვებულია მიწისქვეშა წყლების გამოყენება სასმელად, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
“იგივე, დასავლეთ საქართველოში მიწისქვეშა წყლების გამოყენება სასმელად საშიშია. ბევრი ოჯახი ჭებს იყენებს და იქვე არის მოწყობილი ტუალეტები. ასე ბინძურდება მიწისქვეშა წყლები, რასაც იყენებენ სასმელად და რაც იწვევს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს. ერთი მიმართულებაა სათამაშოები, საღებავები, რომლებიც არ ვიცით, რა ქიმიური შემადგენლობოთ მზადდება. ასევე, პლასტმასის პროდუქცია. ამის კონტროლი როგორ ხდება და რამდენად არის კანონმდებლობა გამართული, ლაბორატორიებს რამდენად აქვთ ამ ყველაფრის შეფასების შესაძლებლობა, ეჭვის ქვეშაა.
რა დირექტივებიც არის ევროპაში, ბევრი მათგანი სწორედ იქეთ არის მიმართული, რომ გაუმჯობესდეს საკანონმდებლო ბაზა და ინსტიტუციების მოწყობა ისე, რომ იყოს პასუხისმგებელი უწყებები. ეს მოითხოვს ტექნოლოგიურ აღჭურვილობას. ამ გამოწვევის გამო, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა გარკვეული საფრთხის წინაშეა”, – ამბობს კახა ბახტაძე “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ