Adventure Dinners – ეს ის სივრცეა, სადაც ქართულ, ნატურალურ პროდუქტებს გვთავაზობენ. ის ეტაპობრივად გახდა მრავალფეროვანი და მომხმარებელს უფროდაუფრო მეტ სიახლეს სთავაზობენ. კოვიდოანდემიამ საკმაოდ დიდი როლი ითამაშა, რომ ბიზნესი განვითარებულიყო და საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოეწვია. წარმოების შესახებ “თბილისი თაიმსს” ნინო ახალაძე ესაუბრა.
“ძირითადად, ჩვენ ვაწარმოებთ ღვინოს. გვაქვს მარანი, რომელიც კიკეთში მდებარეობს, კოვიდპანდემიის დროს, ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, მეც დავრჩი უმუშევარი. ზუსტად ამ პერიოდში, “აწარმოე საქართველოში”-მ გამოაცხადა საგრანტო კონკურსი, რომელიც ქალ მეწარმეებს განსაკუთრებით ეხმარებოდა. დავწერე საგრანტო განაცხადი და მოხდა ისე, რომ გავიმარჯვე”.
როგორც ნინო ამბობს, ღვინის წარმოებასთან ერთად, გაჩნდა სხვადასხვა იდეა, რომელიც ნელ-ნელა დაიხვეწა და გაფართოვდა.
“ღვინოსთან ერთად, ჩვენ ვაწარმოებთ ლუდს, ჭაჭას… ეტაპობრივად, გაჩნდა სხვა მიმართულებები. დავიწყეთ ყველის წარმოებაც. თავდაპირველად, ეს იყო, ასე ვთქვათ, სახალისო ეტაპი. დავთესეთ შავი და თეთრი თავთუხი, რომელიც ქართული ჯიშია და გაჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა ქართული პასტა, რომელიც სწორედ ამ ქართული თავთუხისგან იქნებოდა დამუშავებული. ამან ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა – ვაზავებდით სხვადასხვა ბოსტნეულის პიურეს დანამატით. ეს იყო ჭარხლის, წიწაკის, ავოკადოს, ისპანახის პასტა და ა.შ. ვიზუალური თვალსაზრისითაც, ის გახლდათ მიმზიდველი. გემოს რაც შეეხება, იყო ქართული, შესაბამისად, გემრიელი. ვიღებდით ძალიან ბევრ შეკვეთას და მე მას ვამზადებდი ხელით. საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ, მე ვიყიდე დანადგარი. როდესაც ერთი კილოს მომზადებას 4-6 საათს ვანდომებდი, ახლა უკვე ოც წუთში მაქვს მზად რვა კილომდე პასტა. ამ ეტაპზე, ეტაპობრივად ვუშვებთ. ვისაც ნატურალური პროდუქტი უყვარს, სწორედ მათთვის არის განკუთვნილი”, – განმარტავს რესპონდენტი და ხაზს უსვამს სიახლეს, რომელიც საკუთარ ბიზნესს შეეხება.
“დავთესეთ ხორბალი – წითელი დოლი. ის მინერალების მაღალი შემცველობით გამოირჩევა. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ჩვენი ნიადაგი ბიოდინამიურია, რაც ნიშნავს, რომ მიწა არ არის გაჯერებული ქიმიური დანამატებით. ახლა რომ მოსავალი მოვა, ნიშნავს, რომ როდესაც მე პროდუქციას გამოვუშვებ, ის იქნება ნატურალური პროდუქტი, რომელიც ორჯერ მეტად ღირებული იქნება საკუთარი თვისებებით”, – ამბობს ნინო ახალაძე “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ ღვინო, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, საქართველოს ფარგლებს გასცდა და ის უცხო ქვეყნებშიც რეალიზდება.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ