2022 წლის 4 თებერვლიდან საფრანგეთმა საქართველო ნარინჯისფერი ქვეყნების სიაში გადაიყვანა. ინფორმაციას საქართველოს საელჩო საფრანგეთში ავრცელებს. განცხადებაში კოვიდვაქცინირებულთა შესვლის პირობებია განმარტული.
„ნარინჯისფერი ზონიდან შესვლა შესაძლებელია ვაქცინაციის სრული კურსის და ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენით.
პირი სრულად ვაქცინირებულადჩაითვლება იმ შემთხვევაში თუ:
- Pfizer, Moderna, AstraZeneca – მეორე დოზიდან გასულია 7 დღე;
- ერთდოზიანი ვაქცინის (Johnson & Johnson) მიღებიდან გასულია 4 კვირა;
- COVID გადატანილი პირების აცრიდანგასულია 7 დღე (საჭიროა 1 აცრა);
- პირებმა, რომლებიც ვაქცინირებული იყვნენ სინოფარმის (BBIBP-CorV) და სინოვაკის(CoronaVac) ვაქცინების ორი დოზით, მიიღეს ასევე Pfizer ან Moderna ერთი დოზა და გასულია 7 დღე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საფრანგეთში შესასვლელად სავალდებულოა ე.წ. ბუსტერის ქონა, თუ ვაქცინის მეორე დოზიდან გასულია 7 თვეზე მეტი. ბუსტერისგარეშე პირი არ ჩაითვლება სრულად ვაქცინირებულად და მასზე გავრცელდება ის პირობები, რაც მოცემულია ქვემოთ, არავაქცინირებულებისათვის. ამასთან, საფრანგეთში შესვლის მომენტისთვის ბუსტერდოზიდან არ უნდა იყოს გასული 9 თვეზე მეტი.
აცრილი პირების მიმართ დადგენილი ნორმები ვრცელდება მათ თანმხლებ არასრულწლოვანებზე, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი აცრილნი. თუმცა, თუ ბავშვი არ არის აცრილი, 12 წლიდან მაინც სავალდებულოა PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
ვაქცინირებულმა პირებმა, ვაქცინაციის სერტიფიკატის და ბოლო 48 საათში ჩატარებულ PCR ან ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხის გარდა უნდა წარადგინონ შევსებული და ხელმოწერილი დეკლარაცია, იმის შესახებ, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში არ ჰქონიათ კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულთან და ბოლო 48 საათის განმავლობაში, არ გამოვლენიათCOVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი სიმპტომები.
ამ ეტაპზე ქართული კოვიდ სერტიფიკატის ონლაინ გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტებისთვის. ვრცლად უცხოელი სტუდენტის მხრიდან ფრანგული სანიტარული პასპორტის (კოვიდ სერტიფიკატის) მოთხოვნის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე.
სხვა პირებს კი ქართული კოვიდ სერტიფიკატის ფრანგულ კოვიდ პასპორტზე გადაცვლის შესაძლებლობა აქვთ საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარე აფთიაქებში. მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ პასპორტი და ვაქცინაციის სერტიფიკატი, მატერიალური ფორმით. სერტიფიკატი არ საჭიროებს აპოსტილით დამოწმებას. მომსახურება ფასიანია, ხოლო აფთიაქების სია, სადაც შესაძლებელია ამ სერვისის მიღება ხელმისაწვდომია საფრანგეთის ჯანმრთელობის სამინისტროს ვებ-გვერდზე.
კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები:
წითელი ზონიდან არავაქცინირებული პირის საფრანგეთში გამომგზავრება დაშვებულია მხოლოდ მითითებულ გამონაკლის შემთხვევებში:
1. საფრანგეთის მოქალაქე, ასევე, მისი პარტნიორი (დაქორწინებული, სამოქალაქო კავშირში მყოფი (Pacsée, Concubinage) და მათი შვილები.
2. ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნების მოქალაქე, ასევე, მისი პარტნიორი დაქორწინებული, სამოქალაქო კავშირში მყოფი (Pacsée, Concubinage) და მათი შვილები, რომელთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საფრანგეთში.
3. პირები, რომლებიც ფლობენ საფრანგეთის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქმედ ბინადრობის ნებართვას ან გრძელვადიან ვიზას და რომელთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საფრანგეთში.
4. პირები, რომლებიც ფლობენ ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ გრძელვადიან ვიზას, ასევე, ლტოლვილის, სუბსიდიური დაცვის ან აპარტრიდის სტატუსის მქონე პირთა ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ გრძელვადიან ვიზას.
5. საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტირების სექტორში დასაქმებული პირები ან სატრანსპორტო სერვისების შემსრულებლები, მათ შორის მძღოლები რომლებსაც გადააქვთ საქონელი აღნიშნული ტერიტორიის მიმართულებით.
6. პირები, რომლებიც დიპლომატიურ ან საკონსულო საქმიანობას ახორციელებენ, ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლები არიან, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს საფრანგეთში, ასევე, მათი მეუღლე და შვილები.
7. 24 საათზე ნაკლები დროით საერთაშორისო ზონაში მყოფი მგზავრი, ტრანზიტის განსახორციელებლად.
აღნიშნულმა პირებმა საზღვარზე უნდა წარადგინონ:
– ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის უარყოფითი პასუხი;
– შევსებული და ხელმოწერილი ორი დეკლარაცია, იმის შესახებ, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში არ ჰქონიათ კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულთან და ბოლო 48 საათის განმავლობაში, არ გამოვლენიათ COVID-19 დამახასიათებელი სიმპტომები, 7 დღის მანძილზე დარჩებიან თვითიზოლაციაში და იზოლაციის ბოლოს, საკუთარი ხარჯებით, ჩაიტარებენ PCR ან ანტიგენ ტესტს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.