დიდ ბრიტანეთში ლასას ცხელების სამი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ერთი გარდაცვალებით დასრულდა, – ამის შესახებ EuroNews-ი წერს.
სამივე ადამიანი ერთი ოჯახის წევრია და მათ დასავლეთ აფრიკაში მოგზაურობის ისტორია აქვთ. 2009 წლის შემდეგ, ეს ბრიტანეთში ლასას ცხელების გამოვლენის პირველი შემთხვევებია.
ერთი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, მესამეს კი ამ დრომდე მკურნალობენ.
ლასას ცხელება, ძირითადად, დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში (მაგალითად, ნიგერიაში, სიერა ლეონეში, მალისა და გვინეაში) გვხვდება. უმეტესად, ის ადამიანებზე ინფიცირებული ვირთხის ფეკალიით დაბინძურებული საკვებით ან საყოფაცხოვრებო ნივთებით გადადის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მისი ყველაზე ხშირი სიმპტომებია სიცხის თანდათანობით აწევა, საერთო სისუსტე, რომელიც, შეიძლება, თავის ტკივილში, ღებინებასა და დიარეაში გადაიზარდოს.
გამოჯანმრთელებულთა დაახლოებით 25%-ში სმენის პრობლემას ტოვებს, თუმცა, მათგან ნახევარს სმენა 1-დან 3 თვემდე პერიოდში, სრულად აღუდგება.
დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში, საშუალოდ, ყოველწლიურად, ლასას ცხელების 100,000-300,000 შემთხვევა ვლინდება. გარდაცვალების ალბათობა 1%-ია.