ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე, ადამიანებს გვიჩნდება ინტერესი, საჭიროება, თუ რა როლი შეიძლება, ჰქონდეს ფსიქოლოგს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენი ყოველდღიურობის გაჯანსაღებაში – თვითგამორკვევაში.
ჩვეულებრივ, თერაპია უნდა დავიწყოთ მაშინ, როდესაც:
✓ გაზიარება ან საუბარი გვსურს;
✓ სანამ კრიტიკულ ზღვარამდე მივალთ;
✓ როდესაც უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბება გვსურს;
✓ როდესაც საკუთარი თავის უკეთ გაცნობა გვინდა.
ფსიქოლოგი მარიამ იველაშვილი გვიამბობს, რატომ არის ადამიანისთვის კარგი, თუ მას პირადი ფსიქოთერაპევტი/ფსიქოკონსულტანტი ჰყავს.
„ფსიქოლოგი შეიძლება, იყოს დამხმარე ინსტრუმენტი თქვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვის. იგი დაგეხმარებით, შეინარჩუნოთ ნათელი გონება და მართოთ ნებისმიერი სტრესი, შფოთვა, ფობიები და სხვა პრობლემები, რომლებსაც აწყდებით. ფსიქოლოგი დაგეხმარებათ, მაქსიმალური მიიღოთ თქვენი ცხოვრებიდან და გათავისუფლდეთ დეპრესიის თუ სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისგან, მარტივად გადაწყვიტოთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემები.
ჩვენ ხომ მიჩვეულები ვართ, რომ ჯერ ყველა შეცდომა უნდა დავუშვათ, გამოვცადოთ ჩვენს თავზე მათი შედეგები და მერეც ან მივიღებთ სასურველ შედეგებს, ან ვერა. ფსიქოლოგი ამის პრევენციაში გეხმარებათ, რომ ნაკლები ტრავმით მეტი სასურველი მიიღოს ადამიანმა.
ხოლო ფსიქიკური პრობლემების ფონზე, ფსიქოთერაპევტი ეხმარება ადამიანს, გაიუმჯობესოს ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც მთლიანად უცვლის ადამიანს ცხოვრების ხარისხს“, – ამბობს მარიამ იველაშვილი „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ