სამების ახალგაზრდულ ცენტრში, საქართველოს კათალიკოს – პატრიარქის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, გახსნილია კუთხე, სადაც ყველას შეუძლია საკუთარი სურვილით ტანისამოსის, როგორც მიტანა, ასევე წაღება, სრულიად უსასყიდლოდ.
გარდა ტანისამოსისა, ახალგაზრდულ ცენტრში გახსნილ კუთხეში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიტანოს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, რაც შემდგომში გამოადგებათ ხელმოკლე ოჯახებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არსებულ საქმეს სამების ტაძრის მოძღვარი, მამა იოვანე მჭედლიშვილი ხელმძღვანელობს.
„ძალიან გვჭირდება ეს ყოველივე, რაც ამ კუთხეში გროვდება. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანებმა გაიმეტონ და აქ მოიტანონ ეს ყოველივე. რაკი ახლა ზამთარია, სწორედ ზამთრის მარაგი გვაქვს, ძალიან დიდი მოთხოვნაა.“
იდეის ავტორი ილია მეორესთან ერთად, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილიცაა. იგი ხალხს მოუწოდებს, რომ შეძლებისდაგვარად, კვირა დღეს მოიტანონ ზამთრის ტანსაცმელი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.
„გარდა ტანისამოსისა, აქ ხშირად მოუტანიათ წიგნები, სათამაშოები, მაგიდა, ეტლი, ყველაფერი შეიძლება მოიტანონ, რაც სხვას აუცილებლად გამოადგება“ – აღნიშნავს მამა იოვანე.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული სივრცის მოწყობიდან უკვე 4 წელი გავიდა, ამ კუთხის გახსნის თარიღი ემთხვევა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ინტრონიზაციის დღეს, 25 დეკემბერს.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა
წყარო: „ერთსულოვნება“