იმის გამო, რომ სამყარო ყოველდღიურად სიახლეებს გვთავაზობს, ყველა სფეროში ულევ იდეას ვაწყდებით. რაც უფრო უცნაური, მრავალფეროვანი და განსხვავებულია პროდუქტი, მით უფრო საინტერესოა ის ჩვენთვის. სალომე სირაძე ნამუშევრებს კენჭებით ქმნის. ისინი ძალიან თვალშისაცემია და იდეალური საჩუქარია ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის. დეტალებზე „თბილისი თაიმსს“ სალომე თავად ესაუბრა.
„პროფესიით დიზაინერი ვარ. ყოველთვის ვიყავი გატაცებული სხვადასხვა ტიპის ხელნაკეთი ნივთების დამზადებით. ასე გრძელდება დღემდე“
აშკარად გამორჩეული მიმართულებით საქმიანობთ – საიდან გაჩნდა იდეა?
„SANE-ს ინსპირაცია ზღვა და კენჭები იყო. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ამ ყველაფრის იდეის ავტორი ჩემი 5 წლის გოგოა, პირველად მასთან ერთად, მისი იდეით გავაკეთეთ პატარა კომპოზიცია. ზოგადად, მოვიხიბლე ლამაზი ქვებით და გადავწყვიტე, შემექმნა რაიმე საინტერესო და გამორჩეული. გავაკეთე კომპოზიცია ოჯახის თემაზე, შემდეგ ეს უფრო დაიხვეწა და შეიქმნა სტარტაპი – SANE. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს ორიგინალურს და ექსკლუზიურს, რადგან მსგავსი ტიპის კომპოზიციებს იშვიათად თუ შეხვდებით. როგორც თემატურ კომპოზიციებს, ასევე, ვქმნი საკიდებს და ყელსაბამებს ქვებით, ნიჟარებით და ხის გამოყენებით.
როგორ იქმნება თქვენი ერთი ნამუშევარი?
ვაგროვებ სხვადასხვა ფორმის, ზომის და ფერის კენჭებს. მომაქვს, ვწმენდ ქვის საწმენდი სპეციალური სითხით, ვაშრობ, შემდეგ მუყაოზე ვაწყობ იდეის მიხედვით, ვაწებებ სპეციალური – ქვის წებოთი, საბოლოოდ, ვუსვამ ლაქვს, რათა ფერი უფრო მკვეთრად დაჯდეს და უფრო ეფექტური გახდეს.
ჩემს კომპოზიციებში გამოყენებული მაქვს კენჭები, ასევე, ფერადი მინის კენჭები, ნიჟარები და ზღვის გამორიყული ხის ნატეხები, რომლებიც უკვე გამომშრალია და დამუშავებული.
უმეტესად, ვინ არის თქვენი პროდუქციის მომხმარებელი?
შეკვეთების დიდი ნაწილი – დაახლოებით, 80 % ქართველ ემიგრანტებს ეკუთვნით – ისინი იძენენ საჩუქრებად უცხოელებისთვის და ხშირად – საქართველოში მყოფი ქართველებისთვის. ძირითადი ნაწილი უფრო ქალბატონები არიან.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ