14 თებერვალს, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა. მისი თქმით, წელსვე დაიწყება დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებში მინიმუმ 50 ათასი სოციალურად დაუცველი დასაქმდება.
„200 ათასი შრომისუნარიანი მოქალაქე არ მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში. მათ სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ რეალიზაცია. სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება სამუშაო ადგილები, სადაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს შეეძლება დასაქმება.
პროგრამა დასავლური პრაქტიკის შესწავლის შედეგად შევიმუშავეთ 18 წლიდან, საპენსიო ასაკამდე პირებისთვის, ვისაც მინიჭებული აქვს სოციალური სტატუსი. პირველ ეტაპზე 200 ათასამდე ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი.
პრინციპში, ჩვენ არ გვაქვს ლიმიტი და წელსვე ავალთ 50 ათასზე“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, თუ სოციალურად დაუცველი პირი უარს იტყვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სამუშაოზე, ოჯახი ხელმეორედ გადამოწმდება.
„საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას, დასაქმებულს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება შემწეობა. პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს დამატებით მიეცემა 300 ლარი. შემწეობის გაცემა გაუგრძელდებათ მაშინაც, თუ მოქალაქე არ დათანხმდება არც ერთ შეთავაზებულ სამუშაოს, თუმცა ოჯახი ხელმეორედ გადამოწმდება“ – თქვა ღარიბაშვილმა.
მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია, რა სფეროში აპირებს სახელმწიფო სოციალურად დაუცველი პირების დასაქმებას.