ჩვენს პატარა ქვეყანაში ძალიან ბევრი ხელოვანია. იმის გამო, რომ მხატვრობა და შემოქმედება ძალიან მრავალფეროვანია, ერთ ხელოვანს შესაძლოა, მისი რამდენიმე მიმდინარეობა აინტერესებდეს. დღეს თათია ირემაშვილის შესახებ გიამბობთ.
თათია ამ ეტაპზე ბატიკით არის დაინტერესებული. შეიძლება ითქვას, შესაბამისი ნამუშევრები ადამიანს “აიძულებს”, დიდხანს და სიამოვნებით უყუროს. სწორედ ეს მიმდინარეობაა მისთვის განსაკუთრებული. “თბილისი თაიმსს” თათია თავად ესაუბრა.
ხელოვნების რა მიმართულებების ხართ დაინტერესებული?
დაინტერესებული ვარ გამოყენებითი ხელოვნებით. ვმუშაობდი სხვადასხვა მიმართულებით: მდნარი მინა, თექა, ბატიკა
ყველაზე მეტად, რომელი მათგანი გაინტერესებთ?
ამ ეტაპზე, ქსოვილზე მხატვრობით, „ბატიკით“ ვარ დაინტერესებული. ბატიკა – ეს არის მშვენიერი, ნაირფრად აჭრელებული, საოცრად მრავალფეროვანი შემოქმედება. ის სხვადასხვა ტექნიკას მოიცავს, რაც საშუალებას მაძლევს, თითოეული ნაწარმოების ინდივიდუალიზმის უნიკალურობა წარმოვაჩინო.
აბრეშუმზე მუშაობთ – რამ გამოიწვია ეს ინტერესი?
ყოველთვის მაინტერესებდა ბატიკა. სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს, მეგობარს, რომელიც სწავლობდა მოდელირებაზე, დავყვებოდი შარდენზე, ერთ-ერთ სალონში, რომელიც აკადემიის ბაზაზე იყო – აქ ბატიკას ასწავილნენ. სწორედ მაშინ მოვიხიბლე ამ ტექნიკით. ბატიკის ქსოვილით ნებისმიერი სახის ტანსაცმელს კერავენ, აგრეთვე, ამზადებენ სურათებს, მაგიდის გადასაფარებლებს, ფარდებსა და მრავალ სხვა რამეს. ბატიკის წესით დამზადებულ ქსოვილს უძველესი ისტორია აქვს. თუ ამ ტექნიკას შეისწავლი, მიხვდები, რომ იმაზე მეტად საინტერესოა, ვიდრე ფიქრობდი. აქ მზა შაბლონის მიხედვით ნახატს ვერ შეასრულებ, ამიტომაც იქმნება ნაწარმოები განუმეორებელი. შეგიძლია, მიიღო უჩვეულოდ ლამაზი ეფექტები სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით, რომელიც ახასიათებს საღებავის ერთმანეთში შემოდინებას, რაც აბრეშუმზე ჰაეროვან ილუზიას ქმნის. ყოველთვის მომწონდა შერეული ტექნიკით მუშაობა, ძველისა და ახლის სინთეზი და ეს იგრძნობა ჩემს ნამუშვრებში.
ნამუშევრებს ყიდით, მათ მომხმარებლის გემოვნებით ამზადებთ?
საკუთარი ინტერიერისთვის შექმნილმა ნახატებმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია მნახველებში. ერთს მეორე მოყვა და ასე შემდეგ….. არიან ადამიანები, რომლებსაც ჩემი საავტორო ნამუშევრები მოსწონთ, თუმცა, უმეტესად, მიწევს დამკვეთის გემოვნების გათვალისწინება. მინდა, აღვნიშნო, რომ თითოეული ნამუშევარი ექსკლუზივია. ამ ეტაპზე, ვმუშაობ „დედა ენის“ შექმნაზე, რომელიც იქნება ძველი აბრეშუმის ფურცლებისგან აკინძული წიგნი. ანალოგი იქნება 1976 წელს გამოშვებული პირველი “დედა ენისა”, ხოლო ნაწილი წიგნისა გაფორმებული იქნება ჩემ მიერ შექმნილი კალიგრაფისტული ასო ბგერებით.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ