ჯერ მხოლოდ ერთი წელია, რაც მომხმარებელს აქვს საშუალება, „ტრუსილვანია“-ს ფერადი და ხალისიანი შემოთავაზებებით ისარგებლოს. ის კოვიდპანდემიის დროს დაწყებული კიდევ ერთი ბიზნესია, რომელსაც საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. აღნიშნული თეთრეული სხვა მწარმოებლებისგან, უპირველესად, თვალშისაცემი ვიზუალით გამოირჩევა. „ტრუსილვანია“-ს დამფუძნებლები თათია თენოშვილი, მედეა ტლაშიძე და ელენე ბერიძე არიან.
რამდენი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე არსებობთ?
„ტრუსილვანია“ ქართულ ბაზარზე ერთი წელია, რაც გამოჩდა და მას შემდეგ ცდილობს, მომხმარებელს ყოველდღიურობა გაუფერადოს.
საინტერესოა, რატომ გაჩნდა იდეა, გეწარმოებინათ აღნიშნული პროდუქტი?
ბიზნესის დაწყების იდეა გაჩნდა პირველი კარანტინის დროს, აპრილში, სახლებში დარჩენილმა სამეგობრომ გადავწყვიტეთ ერთმანეთისთვის რამე სახალისო საჩუქრის გაკეთება, რადგან ერთგვარი ტრადიცია გვაქვს – კრეატული და განსხვავებული საჩუქრების ჩუქება. თანაც, ჩვენი მეგობრის დაბადების დღე ახლოვდებოდა და გვინდოდა, მიგველოცა შესაბამისი საჩუქრით. აქედან გაჩნდა ფერადი საცვლების იდეა, რომელიც აქამდე არსებულ არცერთ საჩუქარს არ ჰგავდა და იქნებოდა სრულიად კრეატიული დიზაინითა და შეფუთვით. ამას დაემატა ისიც, რომ გარკვეული გამოცდილება გვაქვს სტარტაპსა და ახალი პროდუქტის შექმნაში, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ფერადი ტრუსები წარმატებულ პროდუქტად გვექცია.
თავიდან, საკმაოდ დიდი სირთულეები შეგვხვდა საჭირო მასალების მოძიების პროცესში, ამას ემატებოდა ჩაკეტილი საზღვრები და შეზღუდული მუშაობა. შესაბამისად, საბოლოო პროდუქტის მისაღებად გარკვეულ პროცესებს დასჭირდა მეტი დრო, ვიდრე ეს ჩვეულებრივ გარემოში იქნებოდა. ამ ეტაპზეც გვიწევს სირთულეების გადალახვა, როგორიცაა შეზღუდული საწარმოო მასალები და დამზადების ვადების ხანგრძლივობა, თუმცა, ორიენტირებულნი ვართ ხარისხზე და გვინდა, რომ მაღალი სტანდარტის პროდუქცია შევთავაზოთ მომხმარებელს, ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ გამოწვევების გადალახვას.
რით არის თქვენი შეთავაზება სხვებისგან გამორჩეული?
„ტრუსილვანია“ მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციურ საცვლებს, რომელიც განსხვავებულ და უნიკალურ დიზაინს წარმოადგენს და არ აქვს ანალოგი ქართულ ბაზარზე. „ტრუსილვანიას’ თეთრეული, ძირითადად, სახალისო და ფერად პროდუქციას მოიცავს. ქართულ ბაზარზე ის პირველია და მსგავსი კონტენტის პროდუქტს სხვა არავინ ქმნის, შესაბამისად, მომხმარებელი ამიტომ გვირჩევს ჩვენ. ამასთანავე, ვთავაზობთ გამორჩეულ შეფუთვას, რომელიც პროდუქტს კიდევ უფრო ღირებულს ქმნის. ეს არის ფერადი საცვლების ჯადოსნური სამყარო-კიდევ ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიძინონ ჩვენთან.
თეთრეულის დიზაინი მომხმარებლის გემოვნების მიხედვით თუ შეიძლება, რომ შეიქმნას?
ამ ეტაპზე, მხოლოდ ჩვენ მიერ შერჩეული დიზაინები გვაქვს, თუმცა, სამომავლო გეგმებში განვიხილავთ, რომ დავამატოთ მსგავსი სერვისი, სადაც მომხმარებელები თვითონ შეარჩევენ სასურველ დიზაინს.
თუ გეგმავთ, რომ სხვა პროდუქციაც დაამატოთ?
საცვლების გარდა, გასულ ზაფხულს დავამატეთ საცურაო კოსტუმები. ასევე, ჩვენს გუნდს შემუშავებული აქვს გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმები, სადაც განიხილება სხვადასხვა პროდუქტის დამატება.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ